ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ აფრიკის თასის ფინალში მაროკოსთან მატჩის დროს სენეგალის ნაკრების მოედნიდან გასვლაზე კომენტარი გააკეთა.
მეორე ტაიმისთვის დამატებული 24-ე წუთზე ბრაჰიმმა თერთმეტმეტრიანი დარტყმა პანენკას სტილში შეასრულა, თუმცა მეტოქის მეკარემ, ედუარ მენდიმ, ბურთი მარტივად დაიჭირა. პენალტის შესრულებას წინ უძღოდა ხანგრძლივი დაპირისპირება მის დანიშვნასთან დაკავშირებით, რის გამოც სენეგალის ნაკრები გარკვეული დროით მოედანსაც ტოვებდა.
„მკაცრად ვგმობთ ზოგიერთი „გულშემატკივრის", ასევე სენეგალის ნაკრების ზოგიერთი ფეხბურთელისა და სამწვრთნელო შტაბის ქცევას. მოედნის ასეთ ფორმაში დატოვება დაუშვებელია, ისევე როგორც ძალადობა — ეს ჩვენს სპორტში მიუღებელია და უბრალოდ არასწორია.
ყოველთვის აუცილებელია პატივისცემა იმ გადაწყვეტილებების მიმართ, რომლებსაც მატჩის მსაჯები იღებენ მოედანზე და მის ფარგლებს გარეთაც. გუნდებმა უნდა იბრძოლონ მოედანზე და თამაშის წესების ფარგლებში, რადგან ყველაფერი, რაც ამ წესებს ეწინააღმდეგება, საფრთხეს უქმნის ფეხბურთის არსს.
გუნდებსა და ფეხბურთელებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა, იმოქმედონ გონივრულად და სწორი მაგალითი აჩვენონ როგორც სტადიონზე მყოფ გულშემატკივრებს, ისე მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით მაყურებელს.
დღეს ნანახი მიუღებელი ეპიზოდები უნდა დავგმოთ და აღარასდროს განმეორდეს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ასეთ მოვლენებს ფეხბურთში ადგილი არ აქვს და ველოდები, რომ აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციის სადისციპლინო ორგანოები შესაბამის ზომებს მიიღებენ“, — განაცხადა ინფანტინომ.