მაროკოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვალიდ რეგრაგიმ, აფრიკის თასის ფინალის დროს სენეგალის ფეხბურთელების მოედნიდან გასვლა შეაფასა.
მეორე ტაიმისთვის დამატებული 24-ე წუთზე ბრაჰიმმა თერთმეტმეტრიანი დარტყმა პანენკას სტილში შეასრულა, თუმცა მეტოქის მეკარემ, ედუარ მენდიმ, ბურთი მარტივად დაიჭირა. პენალტის შესრულებას წინ უძღოდა ხანგრძლივი დაპირისპირება მის დანიშვნასთან დაკავშირებით, რის გამოც სენეგალის ნაკრები გარკვეული დროით მოედანსაც ტოვებდა.
„ის [ბრაჰიმი] შეშფოთებული იყო. თუ დღევანდელ მატჩს მთლიანობაში შევხედავთ, ის სურათი, რომელიც დღეს აფრიკამ აჩვენა, გარკვეულწილად სამარცხვინოა. როდესაც მწვრთნელი საკუთარ ფეხბურთელებს მოედნიდან გასვლას სთხოვს…
როგორც უკვე ვთქვი, უნდა შეგეძლოს როგორც გამარჯვების, ისე წაგების მიღება. ის, რაც დღეს პაპმა [ტიავმა, სენეგალის ნაკრების მწვრთნელმა] გააკეთა, აფრიკას ღირსებას არ მატებს. ეს არც ისე ღირსეული საქციელი იყო, თუმცა არაუშავს — ის აფრიკის ჩემპიონია და აქვს უფლება, თქვას ყველაფერი, რაც უნდა.
მთელი მსოფლიოს თვალწინ მატჩი მინიმუმ ათი წუთით შევაჩერეთ. ეს ბრაჰიმს არ დაეხმარა. ეს არ არის გამართლება იმისა, როგორ დაარტყა მან პენალტი, თუმცა ამაზე ჩაციკლვას არ ვაპირებთ — მან დაარტყა ისე, როგორც ჩათვალა საჭიროდ. პასუხისმგებლობას ჩვენ ვიღებთ საკუთარ თავზე, განსაკუთრებით მე. ჩვენ მომავალს ვუყურებთ.
ბრაჰიმმა მალის წინააღმდეგ პენალტი გაიტანა, დღეს კი ვერ გამოიყენა. ეს ფეხბურთია. იმ მომენტიდან, როცა პენალტი ვერ გავიტანეთ, ყველაფერი ჩვენს წინააღმდეგ წავიდა. ეს იყო ჰიჩკოკის სტილში დაწერილი სცენარი — პენალტი ბოლო წამზე, რომელსაც ტიტულის მოტანა შეეძლო. ეს ძალიან სამწუხაროა მაროკოელი ხალხისთვის.
შეგვიძლია ამ თემაზე საათობით ვისაუბროთ, მაგრამ გუნდი უფრო ძლიერი დაბრუნდება. ზოგიერთი ჩვენგანისთვის, მათ შორის ჩემთვისაც, ეს ცხოვრების მთავარი შანსი იყო“, — განაცხადა რეგრაგიმ.