ინტერი იტალიის ჩემპიონია! კლუბმა სან სიროზე პარმა 2:0 დაამარცხა და ისტორიაში 21-ედ მოიპოვა სკუდეტო.
მას შემდეგ, რაც ნაპოლიმ კომოსთან ფრედ 0:0 ითამაშა, ინტერს ჩემპიონობის გასანაღდებლად მხოლოდ ერთი ქულა სჭირდებოდა. ტრავმების გამო გუნდს ჰაკან ჩალჰანოგლუ და ლუის ენრიკე აკლდნენ, თუმცა სათადარიგოთა სკამს დაუბრუნდა ლაუტარო მარტინესი, ხოლო ალესანდრო ბასტონიმ სამკვირიანი პაუზის შემდეგ პირველად ითამაშა სასტარტოში.
მეორე მხრივ, პარმას უკვე გარანტირებული ჰქონდა სერია ა-ში დარჩენა.
მატჩი ინტერის აქტიურობით დაიწყო. ნიკოლო ბარელას ჩაწოდების შემდეგ დენზელ დუმფრისის თავური დარტყმა კარს ოდნავ აცდა. პარმასაც ჰქონდა შანსი, თუმცა მატეო პელეგრინომ ადრიან ბერნაბეს ჩაწოდების შემდეგ ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ გამოიყენა მომენტი. 26-ე წუთზე ინტერმა საგოლე შანსი შექმნა: ბარელას ძლიერი დარტყმის შემდეგ ბურთი ხარიხას მოხვდა, შემდეგ მეკარე ძიონ სუზუკიმ აისხლიტა, თუმცა იაპონელმა მოახერხა და მარკუს ტურამს დამატების საშუალება არ მისცა.
ინტერმა ანგარიშის გახსნა პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში შეძლო. პიოტრ ზიელინსკის გადაცემის შემდეგ მარკუს ტურამმა თამაშგარე მდგომარეობას აარიდა თავი და ზუსტად დაარტყა, რითაც სერია ა-ს ზედიზედ მეხუთე მატჩში შეძლო გოლის გატანა.
მეორე ტაიმში თამაშში ლაუტარო მარტინესიც ჩაერთო. ფედერიკო დიმარკო რამდენჯერმე ახლოს იყო მორიგ საგოლე გადაცემასთან, თუმცა ჰენრიხ მხითარიანმა და დუმფრისმა მომენტები ვერ გამოიყენეს. საბოლოოდ, მეორე გოლი მაინც გავიდა: ლაუტარო მარტინესმა მარჯვენა ფლანგზე გაარღვია დაცვა, საჯარიმოში ჩააწოდა და მხითარიანს მხოლოდ ბურთის კარში შეგდება დასჭირდა.
პარმამ მატჩის მიწურულს მოახერხა გოლის გატანა, თუმცა თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა. ინტერს მესამე გოლის გატანაც შეეძლო, თუმცა მეკარე სუზუკიმ დავიდე ფრატეზის დარტყმული კარის ხაზზე შეაჩერა.