ისტორია მეორდება? ტენდენციები, რომლებიც არსენალმა ჩემპიონობისთვის უნდა დაძლიოს.
პრემიერ ლიგის საჩემპიონო რბოლაში ამ უქმეებზე მორიგი მოულოდნელი შემობრუნება მოხდა. მანჩესტერ სიტიმ არსენალთან სხვაობა 6 ქულამდე შეამცირა.
სიტიმ სტემფორდ ბრიჯზე ჩელსი დამაჯერებლად, 3:0 დაამარცხა, არსენალმა კი შაბათს საკუთარ მოედანზე ბორნმუთთან სენსაციური მარცხი იწვნია.
პეპ გვარდიოლას გუნდს მეთოფეებთან შედარებით ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. მომავალ კვირას კი მიკელ არტეტას შეგირდები ეტიჰადს ეწვევიან, სადაც მანჩესტერელებს შანსი ექნებათ სხვაობა მინიმუმამდე, 3 ქულამდე დაიყვანონ.
არსენალის გულშემატკივრებისთვის სამწუხაროდ, წლევანდელი საჩემპიონო რბოლა ზუსტად იმ სცენარით ვითარდება, რაც წინა წლებში ვნახეთ.
რა უნდა გააკეთოს არსენალმა ამ ჯაჭვის გასაწყვეტად?
სიტის მარაგში არსებული მატჩები და ჩამორჩენის აღმოფხვრა
ბოლო ორი საჩემპიონო დუელის დროს (2023/24 და 2022/23 სეზონებში), სიტიმ ჩამორჩენა დიდწილად სწორედ გამოტოვებული მატჩების ხარჯზე აღმოფხვრა.
2023/24 სეზონში, სიტი ცხრილში ჩამორჩებოდა არსენალს, ვიდრე არსენალის დაუძინებელ მტერთან, ტოტენჰემთან გამოტოვებულ შეხვედრას ჩაატარებდა. მანჩესტერელებმა იქ 2:0 მოიგეს, პირველ ადგილზე გადავიდნენ და ბოლო ტურში ვესტ ჰემის დამარცხებით ტიტულიც გაინაღდეს.
მსგავსი სურათი იყო 2022/23 სეზონშიც. 21 აპრილს არსენალის საუთჰემპტონთან ფრემ (3:3) ნიშნავდა, რომ სიტის ორბურთიანი უპირატესობა ჰქონდა უშუალო დაპირისპირების წინ. რამდენიმე დღეში გვარდიოლას გუნდმა მეთოფეები 4:1 გაანადგურა და რბოლაზე სრული კონტროლი დაამყარა. მართალია, 2 ქულით ჩამორჩებოდნენ, მაგრამ 2 თამაშით ნაკლები ჰქონდათ ნათამაშები. არსენალმა საბოლოოდ ნოტინგემ ფორესტთან წააგო და ტიტულიც დაკარგა.
ახლაც, სეზონის ფინიშთან, სიტის ისევ აქვს ერთი მატჩი. მომავალ კვირას, ბერნლისთან შეხვედრის შემდეგ, ისინი თამაშების რაოდენობით არსენალს გაუთანაბრდებიან, თუმცა მალევე ისევ ჩამორჩებიან გრაფიკს, რადგან სიტი ასოციაციის თასზე ითამაშებს, არსენალი კი პრემიერ ლიგაში ნიუკასლს დაუპირისპირდება.
მოგვიანებით სიტის კრისტალ პალასთანაც მოუწევს გამოტოვებული მატჩის გამართვა (თარიღი ჯერ უცნობია). თუ ისინი ასოციაციის თასის ფინალში გავლენ, კიდევ ერთი კალენდარული მატჩის გადატანა გახდება საჭირო. როგორც ჩანს, „მდევრის“ როლი სიტისთვის ბევრად კომფორტულია, ვიდრე „გაქცეულის“.
არსენალის დაწყევლილი აპრილი
2023/24 სეზონში არსენალმა თითქმის იმავე დროს წააგო, როდესაც ახლა ბორნმუთთან, 14 აპრილს ის ასტონ ვილასთან საკუთარ კედლებში 0:2 დამარცხდა. იმ სეზონის მეორე ნახევარში მეთოფეებს საყვედურს ვერავინ ეტყოდა: ეს იყო მათი ერთადერთი მარცხი 20 იანვრის შემდეგ, სხვა ქულები კი მხოლოდ სიტისთან უგოლო ფრეში დაკარგეს.
2022/23 სეზონში კი არსენალს კოშმარული აპრილი ჰქონდა: 5 მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგო, ფრეები ითამაშა ლივერპულთან, საუთჰემპტონთან და ვესტ ჰემთან, სიტისთან კი განადგურდა.
საერთო ჯამში, არტეტას ხელში არსენალმა აპრილში უკვე 7 მატჩი წააგო. შედარებისთვის, სიტიმ ბოლო 21 აპრილისეული მატჩიდან 19 მოიგო და 2 ფრედ დაასრულა. კვირას ეტიჰადზე გამარჯვება არსენალისთვის საუკეთესო შანსია ამ ნეგატიური ისტორიის შესაცვლელად, მარცხი კი პარალელებს წინა წარუმატებელ სეზონებთან კიდევ უფრო გაამძაფრებს.
არსენალის რეკორდი მანჩესტერში
არსენალს სიტისთვის მათსავე მოედანზე 2015 წლის იანვრის შემდეგ არ მოუგია. მაშინ სანტი კასორლამ და ოლივიე ჟირუმ მეთოფეებს 2:0 გაამარჯვებინეს.
ოპტიმიზმის საფუძველს ის იძლევა, რომ ბოლო ორი ვიზიტი ეტიჰადზე ფრედ დასრულდა. კვირას ფრე არსენალს რბოლაში ლიდერად დატოვებს, თუმცა გამარჯვება ტიტულისკენ გადადგმული გიგანტური ნაბიჯი იქნება. 2023/24 სეზონში არსენალი სწორედ სიტისთან უგოლო ფრემ დააზარალა, რადგან მანჩესტერელებმა ამის შემდეგ ფანტასტიკური სერია დადეს, არსენალმა კი ვილასთან ფეხი დაუცდა.
შეცვლის თუ არა ეს მათ მიდგომას კვირას? ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს.