მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის აზიურ ნაწილში უზბეკეთის ნაკრებმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან 0-0 ითამაშა და ისტორიული ქულა მოიპოვა.
უზბეკებმა 9 მატჩში 14 ქულა დააგროვეს და ამ შედეგით 2026 წლის მუნდიალზე თამაში გაინაღდეს.
უზბეკეთი მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად გავიდა და გახდა 81-ე ქვეყანა, რომელიც მუნდიალზე ითამაშებს.
აღსანიშნავია, რომ ნაკრების მთავარი მწვრთნელი ქართული გვარის მქონე ტიმურ კაპაძეა.
აზიური გუნდი გახდა მეხუთე არამასპინძელი ქვეყანა, რომელმაც 2026 წლის მსოფლიოზე თამაში გაინაღდა - იაპონია, ირანი, არგენტინა, ახალი ზელანდია და უზბეკეთი.
მომავალ წელს მუნდიალის მასპინძლები მექსიკა, აშშ და კანადა იქნებიან.