მსოფლიო რაგბმა ქართველი არბიტრი ნიკა ამაშუკელი ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების ავსტრალიური ტურნეს დასკვნით მატჩზე მთავარ მსაჯად დანიშნა.
პირველად მოხდება, როცა ამ უდიდესი სარაგბო მოვლენის მონაწილე ქართველი იქნება. ნიკა 2 აგვისტოს სიდნეიში, ავსტრალიისა და ლომების სერიის დასკვნით ტესტს იმსაჯებს.
"ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების ტურნე თავისი კულტურით და ფასეულობების გასხივოსნებით სრული სარაგბო ჭეშმარიტებაა. ეს იმდენად მასშტაბური მოვლენაა, რომ 4 წელიწადში ერთხელ იმართება.
4 ისეთი ერი, რომლებსაც განხეთქილების დიდი ისტორია აქვს და ექვს ერზე ერთმანეთს არ ზოგავს, ერთ გუნდად ერთიანდება და სამხრეთ ნახევარსფეროში ტიტანებთან საბრძოლველად მიემართება. საბოლოო ჯამში ვიღებთ ვარსკვლავებით გადაჭედილ გუნდს და მოვლენას, რომლის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია.
წნეხით და სირთულით, ასევე პრესტიჟით, „ლომების“ ტესტის მსაჯობა მსოფლიო თასის ნახევარფინალს უტოლდება. გულშემატკივრები უკვე ირაზმებიან ამ უდიდესი დაპირისპირების ეპიცენტრში მოსახვედრად - იტაცებენ მატჩისა თუ თვითმფრინავის ბილეთებს, რათა გახდნენ ამ დაპირისპირებების ნაწილი." - აღნიშნა ამაშუკელმა საქართველოს რაგბის კავშირთან საუბარში.
20 ივნისს, ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები არგენტინას დუბლინში დაუპირისპირდებიან და ამაშუკელი პირველი ასისტენტი იქნება.
ქართველი მსაჯი 5 ივლისს მაორი ოლ ბლექსისა და შოტლანდიის თამაშს განსჯის.
9, 12 და 19 ივლისს ამაშუკელი ლომების სამ შეხვედრაში ასისტენტი იქნება.
22 ივლისს ნიკა ბრიტანელი და ირლანდიელი ლომებისა და წყნარი ოკეანის ნაკრების თამაშს იმსაჯებს, 26 ივლისს კი ავსტრალიისა და ლომების მეორე ტესტ-მატჩში კვლავ ასისტენტი იქნება.
ზაფხულის ტესტები 2 აგვისტოს ავსტრალიისა და ლომების მე-3 მატჩით იხურება და აქ უკვე ამაშუკელი მთავარი მსაჯი იქნება.