საქართველოს მოციგურავეთა ნაკრებმა ოლიმპიურ თამაშებზე ისტორიული მეოთხე ადგილი დაიკავა.
მილანი/კორტინას ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მედლებისთვის ხუთი ფინალისტი ქვეყანა იბრძოდა: აშშ, კანადა, იტალია, იაპონია და საქართველო.
პირველებმა, სპორტული წყვილებმა იასპარეზეს, მათ შორის იყვნენ ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა.
ევროპის მოქმედმა ჩემპიონებმა თავისუფალ პროგრამაში დამაჯერებლად იასპარეზეს, 139.70-ქულიანი შეფასება დაიმსახურეს. საქართველოს წარმომადგენლებმა თავისუფალი პროგრამა მეორე ადგილით დაასრულეს და გუნდური 9 ქულა აიღეს.
ქალთა ერთეულებში ყინულის მოედანზე თავისუფალი პროგრამით ანასტასია გუბანოვა წარსდგა. ევროპის ჩემპიონატების ოქროს და ორი ვერცხლის მფლობელმა სეზონის საუკეთესო შეფასება - 140.17 ქულა დაიმსახურა და თავისუფალი პროგრამა მეორე ადგილზე დაასრულა.
გუნდური ასპარეზობა ვაჟთა ერთეულებში თავისუფალი პროგრამით დასრულდა, სადაც ნიკა ეგაძემ იასპარეზა. .
ნიკა ეგაძემ თავისუფალი პროგრამა 154.9 ქულით მეხუთე ადგილზე დაასრულა, საქართველოს გუნდური მონაგარი კი 6 ქულით გაზარდა. შედეგად, საქართველოს ნაკრებს ჯამში 56 ქულა დაუგროვდა და გუნდური მეოთხე ადგილი დაიკავა.
ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს წარმომადგენლები ასე ახლოს არასოდეს ყოფილან საპრიზო ადგილთან, გუნდური მეოთხე ადგილი კი ყველა დროის საუკეთესო შედეგია.
ფოტო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი