მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილ თავდამსხმელს, დუაიტ იორკს, მიაჩნია, რომ გუნდს სათავეში უნაი ემერი უნდა ჩაუდგეს.
მისი აზრით, ესპანელ სპეციალისტს კლუბისთვის ავტორიტეტისა და სტაბილურობის დაბრუნება შეუძლია.
Talksport-ის ეთერში იორკმა აღნიშნა, რომ ემერის დანიშვნის მომხრე ჯერ კიდევ რუბენ ამორიმის გამოჩენამდე იყო.
„ამას თავიდანვე ვამბობდი და მიკვირს, რომ სხვები ამ აზრამდე მხოლოდ ახლა მივიდნენ. ამაზე ორწელიწადნახევრის წინ ვსაუბრობდი. უნაი ემერი გაცილებით ადრე უნდა მოეწვიათ, ვიდრე ამორიმი ჰორიზონტზე გამოჩნდებოდა.
როცა ფეხბურთელებში 70 მილიონ გირვანქას ხარჯავთ, თანხის დახარჯვა ემერიშიც შეგიძლიათ. არ ვამბობ, რომ აუცილებლად 70 მილიონი უნდა გადაიხადოთ, მაგრამ მიეცით ვილას იმდენი, რამდენსაც ითხოვს, მოიყვანეთ ემერი და შესაბამისი უფლებამოსილება მიანიჭეთ“, - განაცხადა იორკმა.
ყოფილი ფორვარდის თქმით, ასტონ ვილას გულშემატკივრების კრიტიკას მისი პოზიცია არ შეუცვლია.
„ამაზე ჯერ კიდევ ამორიმის მოსვლამდე ვლაპარაკობდი. ვილას ფანებმა მკაცრად გამაკრიტიკეს, თუმცა დღემდე ვფიქრობ, რომ ამ საქმისთვის ის საუკეთესო მწვრთნელია. მას ნამდვილად შეუძლია მანჩესტერ იუნაიტედს ავტორიტეტი და სტაბილურობა შესძინოს“, - თქვა იორკმა.