ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ მატჩში ლივერპული პარიზში პსჟ-სთან 0:2 დამარცხდა.
VIDEO: კვარა MVP გახდა! - ქართული დუელი ლიგის 1/4 ფინალში, პსჟ-მ ლივერპული დაამარცხა
პრემიერ ლიგის მოქმედი ჩემპიონების თამაშით უკმაყოფილო დარჩა კლუბის ლეგენდარული კაპიტანი სტივენ ჯერარდი, რომელმაც ყოფილი გუნდის ასპარეზობას უსუსური უწოდა.
პარკ დე პრენსზე გამართულ შეხვედრაში მასპინძლებმა გამარჯვება დეზირე დუესა და ხვიჩა კვარაცხელიას გოლებით მოიპოვეს. ჩემპიონთა ლიგის მოქმედმა გამარჯვებულმა ამ შედეგით მომდევნო კვირის განმეორებითი მატჩის წინ საკმაოდ სოლიდური უპირატესობა შეიქმნა.
მანჩესტერ სიტისთან გასულ უქმეებზე განცდილი მძიმე მარცხის (0:4) შემდეგ, არნე სლოტმა ტაქტიკა შეცვალა. ლივერპული სამი ცენტრალური მცველით წარსდგა, ფლანგებზე კი მილოშ კერკეზმა და ჯერემი ფრიმპონგმა ითამაშეს. ამ ფორმაციამ საკუთარ საჯარიმოსთან მეტი მოთამაშის მობილიზება კი უზრუნველყო, თუმცა გუნდის შემტევი პოტენციალი სრულად ჩაკლა. სტუმრებმა მატჩი ისე დაასრულეს, რომ მეტოქის კარში ზუსტად ერთხელაც არ დაურტყამთ.
პსჟ ბევრად უფრო დაუნდობელი იყო, განსაკუთრებით მეორე ტაიმში. მათ არაერთი შანსი ჰქონდათ, რომ ყველაფერი ამავე შეხვედრაში დაესრულებინათ. ლივერპულისთვის აქედან 0:2-ით წამოსვლა საშინელი შედეგი ნამდვილად არ არის. თუკი სადმე შეიძლება ამ ჩამორჩენის აღმოფხვრა, ეს ისევ ენფილდია - აღნიშნა ჯერარდმა მატჩისშემდგომ ანალიზში.
კიდევ ერთი ყოფილი მერსისაიდელი სტივ მაკმანამანი ბევრად კრიტიკული იყო და აღნიშნა, რომ ყველაფერი შეიძლება ბევრად უარესად დასრულებულიყო. მისი თქმით, ლივერპულს წინა წელს ალისონი შველოდა, ამჯერად კი თავად პსჟ-ს ფეხბურთელებმა დაინდეს მეტოქე და ბოლომდე არ გაანადგურეს. მაკმანამანმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ პარიზელთა კაპიტანს, მარკინიოსს, სეზონში ყველაზე მარტივი მატჩი ჰქონდა, რადგან ლივერპულის თავდასხმას მასთან პრობლემები საერთოდ არ შეუქმნია.
ჯერარდმა კი დაამატა:
ეს ძალიან რთული შესასრულებელი იქნება, რადგან პსჟ ძალიან ძლიერია. დღეს სრული დომინირება ვიხილეთ. ლივერპულის ტაქტიკა და თამაშის გეგმა შეხვედრის დიდ ნაწილში ამართლებდა, თუმცა შეტევაში არაფერი გამოსდიოდათ. ისინი საკმაოდ უკბილონი იყვნენ და მომენტები ვერ შექმნეს. 90 წუთის განმავლობაში ლივერპულმა საკმარისი ვერაფერი აჩვენა, თუმცა ის მაინც მოახერხეს, რომ მომავალ კვირას, ენფილდზე, საკუთარ თავს მცირე შანსი დაუტოვეს.