ლივერპულმა პსჟ-სთან სამარცხვინო მარცხით ბოლო ექვსი წლის მინიმუმს მიაღწია.
თუკი არსებობდა რაიმე იმედი იმისა, რომ ლივერპული მანჩესტერ სიტისთან ფა თასზე განცდილი სამარცხვინო მარცხის შემდეგ რეაბილიტაციას შეძლებდა, ეს იმედი პარკ დე პრენსზე ძალიან სწრაფად გაქრა.
არნე სლოტის გუნდი პსჟ-მ მეოთხედფინალის პირველ მატჩში ყველა კომპონენტში დაჩაგრა. შეგახსენებთ, რომ მერსისაიდელები ჩემპიონთა ლიგას გასულ სეზონში, მერვედფინალურ ეტაპზე, სწორედ ამ მეტოქემ გამოთიშა.
VIDEO: კვარა MVP გახდა! - ქართული დუელი ლიგის 1/4 ფინალში, პსჟ-მ ლივერპული დაამარცხა
ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა პირველი შეხვედრის წინ შემადგენლობაში რადიკალური ცვლილებები შეიტანა და არჩევანი სამ ცენტრალურ მცველზე შეაჩერა: მოედანზე ჯო გომესი, იბრაჰიმა კონატე და ვირჯილ ვან დაიკი გამწესდნენ.
თუმცა, დამატებითმა მცველმა გუნდს შვება ვერ მოუტანა. დეზირე დუემ ანგარიში მე-11 წუთზევე გახსნა, მეორე ტაიმში კი ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ს უპირატესობა ორამდე გაზარდა.
ლივერპულისთვის კიდევ უფრო საგანგაშო ის ფაქტია, რომ მათ საფრანგეთის დედაქალაქში მეტოქის კარში ზუსტად ერთხელაც არ დაურტყამთ. ეს პირველი შემთხვევაა 2020 წლის ნოემბრის შემდეგ (ატალანტასთან მატჩი), როდესაც გუნდმა ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა კარში დარტყმის გარეშე დაასრულა.
ეს ყველაფერი საკმაოდ მძიმე სანახავია იმის ფონზე, რომ კლუბმა ზაფხულში თავდამსხმელებში სოლიდური ინვესტიცია ჩადო. ამასთან, სლოტმა მოედანზე არც მოჰამედ სალაჰი გამოიყვანა, რომელიც მთელი მატჩის განმავლობაში სათადარიგო სკამზე იჯდა.
ჯერჯერობით გაურკვეველია, შეძლებს თუ არა ლივერპული ძალების მოკრებას ენფილდზე, თუ პსჟ კიდევ ერთხელ დაამტკიცებს საკუთარ უპირატესობას.