საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა, ევრო 2027-ის შესარჩევი ეტაპის მე-7 ტურში, მალტასთან საშინაო მატჩი 4:1 მოიგო და ციკლში მეორე გამარჯვება მოიპოვა - ორივე მალტას წინააღმდეგ.
თამაშის შემდეგ, ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ პრესკონფერენცია გამართა და შეხვედრა შეაფასა.
"განვლილ ორ მატჩში ქულათა მაქსიმუმის აღება გვინდოდა, თუმცა 4 ქულა მოვიპოვეთ და ჯგუფის მე-3 ადგილისთვის ბრძოლას ვაგრძელებთ. ხარვეზი, ლატვიასთან თამაშის მსგავსად, დღესაც ბევრი იყო.
ძიების პროცესია, ივნისის ამხანაგურ შეხვედრებში ახალ ფეხბურთელებსაც გამოვცდით, ჯგუფის დარჩენილ 3 ტურში კი მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სასურველი შედეგები დავაფიქსიროთ.
ჯგუფში მე-3 ადგილის დაკავება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იმ მონაპოვარს, რაც ბოლო წლებში შევქმენით, გაფრთხილება სჭირდება. ეს მონაპოვარი რეიტინგში მე-17 ადგილია, რაც ისტორიული შედეგია და აქამდე არასდროს გვქონია. გვჭირდება, რომ შემდეგ თაობებსაც დავუტოვოთ ისეთი მემკვიდრეობა, მომდევნო შესარჩევებისას ჯგუფში შეძლებისდაგვარად მაღალი სტატუსი ჰქონდეთ.
ასევე, ვთვლი, რომ, პრობლემების მიუხედავად, ყველა იმ გუნდთან, რომელიც ცხრილში ჩვენზე წინაა, სათანადო კონკურენციის გაწევა შეგვიძლია. ამიტომ, პრობლემებსა და ხარვეზებზე ბევრი მუშაობა და ვითარების ისე გამოსწორება გვმართებს, რომ საკუთარი შესაძლებლობების უკეთესად გამოვლენა შევძლოთ.
პროცესი მიმდინარეობს, ბევრს ვმუშაობთ და ვცდილობთ, დინამიკა დადებითისკენ შევცვალოთ და იმედია, უახლოეს მატჩებში ეს ასეც იქნება", - აღნიშნა სვანაძემ.
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა 7 ტურში 9 ქულა მოაგროვა, მე-4 ადგილზეა და ჩრდილოეთ ირლანდიის ახალგაზრდულ ნაკრებს 1 ქულით ჩამორჩება.
რამაზ სვანაძის გუნდი მომდევნო ტურის თამაშს, 26 სექტემბერს, საკუთარ მოედანზე, ჯგუფის თანალიდერ საბერძნეთთან გამართავს.
ფოტო: NAKREBI.GE
VIDEO: მოგება უხვგოლიან მატჩში - 21-წლამდელთა ნაკრებმა მალტა დაამარცხა