VIDEO: მოგება უხვგოლიან მატჩში - 21-წლამდელთა ნაკრებმა მალტა დაამარცხა
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა, ევრო 2027-ის შესარჩევი ეტაპის მე-7 ტურში, მალტასთან საშინაო მატჩი 4:1 მოიგო და ციკლში მეორე გამარჯვება მოიპოვა - ორივე მალტას წინააღმდეგ.
ანგარიში მალტელებმა გახსნეს - მატიას ელულიმ გადმოვარდნილი ბურთი დაამუშავა, გაისწორა და პაპუნა ბერუაშვილს დაბალ კუთხეში გაუტანა. 6 თამაშის შემდეგ, 0:24-ზე ბურთების შეფარდების შემდეგ, მალტის ახალგაზრდულმა გუნდმა ციკლში პირველი გოლი შეაგდო.
ჩვენებმა თამაშში გარდატეხა მალევე შეიტანეს - მე-9 წუთზე ლუკა წულუკიძემ გაათანაბრა, ხოლო 21-ეზე კაპიტანმა გაბრიელ სიგუამ გუნდი წინ გაიყვანა.წულუკიძისთვის 21-წლამდელთა ნაკრებში სადებიუტო გოლია, სიგუამ კი მეორედ გაიტანა.
42-ე წუთზე, სანდრო ნარიმანიძემ შორი მანძილიდან ულამაზესი გოლი შეაგდო და ჩვენი გუნდი 2 ბურთის სხვაობით გაიყვანა წინ. სლოვაკური ჟილინას უკანახაზელმა 21-წლამდელთა გუნდში მეხუთედ ითამაშა და მეორე გოლი მიითვალა - მალტას გასვლაზეც გაუტანა, მაშინ თავური დარტყმით.
აღსანიშნავია, რომ ნარიმანიძემ, რომელიც ცენტრალური მცველია, პირველ ტაიმში შორიდან კარში 3-ჯერ დაარტყა - ერთხელ მეკარემ კუთხურზე მოიგერია, მეორე შემთხვევაში ძელს მოარტყა და ასხლეტილი ბურთი გაბრიელ სიგუამ კარში გადაგზავნა, მესამე ჯერზე კი თავად, აი, ეს გოლი გაიტანა.
ასევე, მიმდინარე შესარჩევ ეტაპზე, 1 გოლზე მეტი ჩვენი გუნდიდან, ნარიმანიძის გარდა, მხოლოდ სიგუას აქვს გატანილი.
78-ე წუთზე, საბოლოო ანგარიში გაბრიელ სიგუამ დააფიქსირა - მან დუბლი ირაკლი იეგოიანის გადაცემის შემდეგ შეასრულა. სანაკრებო შეხვედრებში მისთვის პირველი დუბლია.
შედეგად, რამაზ სვანაძის გუნდმა 7 ტურში 9 ქულა მოაგროვა, მე-4 ადგილზეა და ჩრდილოეთ ირლანდიის ახალგაზრდულ ნაკრებს 1 ქულით ჩამორჩება.
საქართველო მომდევნო ტურის თამაშს, 26 სექტემბერს, საკუთარ მოედანზე, ჯგუფის ლიდერ საბერძნეთთან გამართავს.