საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა, ევრო 2027-ის შესარჩევი ეტაპის მე-7 ტურში, მალტასთან საშინაო მატჩი 4:1 მოიგო და ციკლში მეორე გამარჯვება მოიპოვა - ორივე მალტას წინააღმდეგ.
ჩვენი გუნდის ცენტრალურმა მცველმა, სანდრო ნარიმანიძემ მალტელებს ორივე შეხვედრაში გაუტანა. სლოვაკური ჟილინას ფეხბურთელმა, თამაში მედიასთან შეაფასა.
"კარგი მატჩი გამოვიდა, მთავარია გავიმარჯვეთ, მიზანი შევასრულეთ და 3 ქულა ავიღეთ. პატივისცემა მალტის ნაკრებს, თუმცა ძალიან ცუდი იყო, რომ გოლი გავუშვით.
ჩემი გოლითა და საგოლე კომბინაციაში მონაწილეობით ბედნიერი ვარ, თუმცა მთავარი გამარჯვებაა. ჯგუფში 3 სერიოზული თამაში დაგვრჩა და მათთვის მომზადება დღეიდანვე უნდა დავიწყოთ.
ყოველთვის, როცა მეკარე შემტევზე გამოდის, ვცდილობ, კართან ახლოს ვიყო და გუნდს გოლი ავარიდო, ამ მომენტში კარგი იყო, რომ ბურთის გამოტანა და გუნდის გადარჩენა მოვახერხე. ვფიქრობ, მეც და ნაკრებსაც კარგი თამაში გამოგვივიდა, რითაც გახარებული ვარ", - განაცხადა ნარიმანიძემ.
20 წლის მცველს სლოვაკეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 21 მატჩი აქვს ჩატარებული - მისი ჟილინა მე-3 ადგილზეა და ლიდერ სლოვან ბრატისლავას 6 ქულით ჩამორჩება.
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა 7 ტურში 9 ქულა მოაგროვა, მე-4 ადგილზეა და ჩრდილოეთ ირლანდიის ახალგაზრდულ ნაკრებს 1 ქულით ჩამორჩება. მომდევნო ტურის თამაშს, 26 სექტემბერს, საკუთარ მოედანზე, ჯგუფის თანალიდერ საბერძნეთთან გამართავს.
ფოტო: NAKREBI.GE
VIDEO: შორიდან დააჭედა - ნარიმანიძის ულამაზესი გასროლა მალტასთან