-
Aa
+
ფონტის ზომა
განლაგება: 3-1-4-2
მეკარე: რანგელი
მექსიკელთა კარის დარაჯი ერთ-ერთია იმ ორი მეკარიდან, რომელთაც ჯგუფურ ეტაპზე სამი მატჩი ჩაატარეს და გოლი არ გაუშვიათ - ეს შედეგი ესპანელთა კიპერმა, უნაი სიმონმაც გაიმეორა. რანგელმა რამდეინემე ბრწყინვალე სეივის შემოთავაზებაც შეძლო - ბოლო ტურის მატჩის 78-ე წუთზე რაული ლეგენდარულმა მემო ოჩოამ შეცვალა.
მცველები:
დანიელ მუნიოსი - კოლუმბიელმა მარჯვენა მცველმა ორ შეხვედრაში შეძლო უმნიშვნელოვანესი გოლების გატანა - შეტევაში ბრწყინვალე თამაშისა, მუნიოსს არც დაცვითი მოქმედებები დაეწუნებოდა.
ვირჯილ ვან დაიკი - დაცვაში სოლიდურად თამაშთან ერთად, სხვადასხვა მატჩში ნიდერლანდელმა ცენტრალურმა მცველმა გოლის გატანაც შეძლო და საგოლე გადაცემის შესრულებაც.
აიმერიკ ლაპორტი - მექსიკასთან ერთად ესპანეთი ერთადერთი გუნდია, რომელმაც ჯგუფური ეტაპი გოლგაუშვებლად გაიარა - დე ლა ფუენტეს დაცვას კი აიმერიკ ლაპორტმა ბრწყინვალედ ულიდერა. ბასკი ასევე შესანიშნავი საგოლე გადაცემით გამოირჩა საუდის არაბეთის წინააღმდეგ.
ნახევარმცველი: ბრუნო გიმარაეში
შესანიშნავად ულიდერა ნიუკასლის ნახევარმცველმა სელესაოს შუა ხაზს. გიმარაეში მიმდინარე მუნდიალს საგოლე გადაცემების რაოდენობითაც ლიდერობს - ბრაზილიელმა საწყის სამ მატჩში სამი ასისტი მიითვალა.
შემტევი ნახევარმცველები:
მესი - არგენტინელმა ჯგუფური ეტაპის სამ მატჩში ექვსი გოლის გატანა მოახერხა და წინა მუნდიალის შედეგს მხოლოდ ერთი გოლით ჩამორჩება. მესიმ სამჯერ ალჟირი დაამწუხრა, ორჯერ ავსტრია, ხოლო სათადარიგო სკამიდან შემოსვლის შემდეგ იორდანიას გაუტანა შესანიშნავი საჯარიმო დარტყმა. არგენტინელს უკვე 19 გოლი უგროვდება მუნდიალებზე, რაც აბსოლუტური რეკორდია, ასევე ის გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც მსოფლიო თასის ზედიზედ 7 მატჩში შეძლო გატანა. ლეომ ასევე საჯარიმოს გარედან გატანილი გოლების რეკორდი დაამხო - ლა პულგამ უკვე შვიდჯერ შეძლო მუნდიალზე საჯარიმოს გარედან გატანა.
ისმაელ საიბარი - მაროკოელი შემტევი იმ იშვიათ ფეხბურთელების სიაშია, რომლებმაც ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩში შეძლეს გატანა. საიბარმა ჯერ ბრაზილიას გაუტანა, შემდეგ შოტლანდიას, ბოლო ტურში კი ჰაიტიც დაამწუხრა.
გარემარბები:
უსმან დემბელე - პირველ ტურში ნაკლებად შედეგიანი მატჩის შემდეგ, ფრანგმა მუნდიალის გოლების ანგარიში ერაყის წინააღმდეგ გახსნა. ბოლო ტურში მსოფლიომ ოქროს ბურთის მფლობელის ბენეფისი იხილა - უსმანემ ნორვეგიას ჰეთ-ტრიქი პირველივე ტაიმში შეუსრულა.
ვინიციუს ჟუნიორი - ერთადერთი ფეხბურთელი მიმდინარე მუნდიალზე, რომელმაც მატჩის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო სამივე მატჩში დაიმსახურა. როგორც საიბარმა, ვინიმაც სამივე მატჩში გაიტანა და 4 გოლით ბომბარდირთა დავაში მხოლოდ მესის ჩამორჩება (6).
ფორვარდები:
კილიან მბაპე - ფეერიული იყო ფრანგი პირველ ორ მატჩში - კუ ნინძამ სენეგალსა და ერაყს ორ-ორჯერ გაუტანა. მესამე ტურში ნორვეგიასთან მბაპე ორი საგოლე გადაცემით გამოირჩა.
ერლინგ ჰოლანდი - ისე როგორც ყველა ტურნირზე, ნორვეგიელმა ვიკინგმა მუნდიალიც გოლებით გახსნა. პირველ ორ მატჩში ჰალანდმა ოთხი გოლის გატანა მოახერხა - ნორვეგიელმა ორჯერ ერაყელები დაამწუხრა, ხოლო ორჯერ სენეგალელები. ბოლო ტურის მატჩში სტალე სოლბაკენმა ერლინგი სათადარიგოთა სკამზე დატოვა.
კომენტარები

