12 ივნ, 2026 · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
არსენალის ყოფილ ნახევარმცველს, რომელიც ამჟამად ვილიარეალში თამაშობს, 2025 წლის ივლისში ლონდონის მეტროპოლიტენის პოლიციამ 5 გაუპატიურებისა და 1 სექსუალური ძალადობის ბრალდება წაუყენა.
იმავე წლის სექტემბერში მან თავი უდანაშაულოდ ცნო. მიმდინარე წლის თებერვალში მას კიდევ 2 გაუპატიურების ბრალდება წაუყენეს, რომლებზეც აპრილში ასევე თავი უდანაშაულოდ ცნო.
განა მსოფლიო ჩემპიონატს 17 ივნისს, ტორონტოში, BMO Field-ზე პანამის წინააღმდეგ მატჩით გახსნის, თუმცა დადასტურდა, რომ პარტეი კანადაში შესვლას ვერ შეძლებს და შესაბამისად, ამ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
პანამასთან მატჩის შემდეგ განა 23 ივნისს ბოსტონში, Gillette Stadium-ზე ინგლისს შეხვდება, ხოლო 27 ივნისს ფილადელფიაში, Lincoln Financial Field-ზე ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს ხორვატიის წინააღმდეგ გამართავს. პარტეის ორივე ამ შეხვედრაში თამაშის უფლება ექნება.
FIFA-მ The Athletic-თან საუბარში განაცხადა:
FIFA ადასტურებს, რომ ტომას პარტეი განას გუნდის ბაზიდან, რომელიც ბოსტონში მდებარეობს, კანადაში პანამასთან მატჩისთვის გამგზავრებას ვერ შეძლებს, რადგან კანადის მთავრობამ მის სავიზო განაცხადზე უარი განაცხადა.
FIFA არ არის ჩართული მასპინძელი ქვეყნების საიმიგრაციო პროცესებში და ვიზების გაცემის საკითხებში. როგორც წინა ტურნირების დროს, საბოლოო გადაწყვეტილებას ვიზის გაცემასა და ქვეყანაში დაშვებაზე მასპინძელი ქვეყანა იღებს.“
კანადის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე აღნიშნულია:
თუ თქვენ ჩაიდინეთ ან ნასამართლევი ხართ დანაშაულისთვის, შესაძლოა კანადაში შესვლის უფლება არ მოგეცეთ.
პარტეი ბრალდებულია, თუმცა სასამართლო პროცესი ჯერ არ დასრულებულა და ის დამნაშავედ ცნობილი არ არის.
მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე კანადის იმიგრაციის, ლტოლვილთა და მოქალაქეობის სამსახურმა (IRCC) განაცხადა:
„პირის წერილობითი თანხმობის გარეშე, კონკრეტულ შემთხვევებზე ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.
თუმცა შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ კანადელების უსაფრთხოება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეებსა და სტუმრებს მთელი მსოფლიოდან ვიღებთ.
სწორედ ამიტომ IRCC თავის წესებს თანმიმდევრულად და გამონაკლისების გარეშე იყენებს, განურჩევლად მოქალაქეობის, სტატუსისა თუ ტურნირში მონაწილეობის როლისა.
IRCC-ის თანამშრომლები გადაწყვეტილების გამოცდილი მიმღებები არიან და პირის შესაბამისობას კანადის საიმიგრაციო კანონმდებლობის მიხედვით აფასებენ.
თუ ისინი ჩათვლიან, რომ კონკრეტული პირი შესაძლოა უსაფრთხოების რისკს წარმოადგენდეს, შეუძლიათ ქვეყანაში შესვლაზე უარი თქვან.“
7 გაუპატიურებისა და 1 სექსუალური ძალადობის ბრალდების საქმე ლონდონის საუთუორკის სამეფო სასამართლოში განიხილება.
სასამართლო პროცესი თავდაპირველად ნოემბრისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა შესაძლოა 2027 წლის დასაწყისამდე გადაიდოს.
გირაოს პირობების თანახმად, პარტეი ვალდებულია, საზღვარგარეთ გამგზავრების ყველა გეგმის შესახებ შესაბამის ორგანოებს წინასწარ აცნობოს.
პირველი 6 ბრალდება, რომლებიც 3 ქალს ეხება, სავარაუდოდ 2021 და 2022 წლებში მომხდარ შემთხვევებს უკავშირდება.
მეტროპოლიტენის პოლიციამ გამოძიება 2022 წლის თებერვალში დაიწყო, მას შემდეგ, რაც სავარაუდო გაუპატიურების შესახებ შეტყობინება მიიღო.
დამატებითი 2 ბრალდება მე-4 ქალის საქმეს ეხება და 2020 წლის სავარაუდო დანაშაულებს უკავშირდება. ამ შემთხვევებზე პოლიციას 2025 წლის აგვისტოში აცნობეს.
პარტეი არსენალში კონტრაქტის ამოწურვამდე თამაშობდა და 2024/25 წლების სეზონში პრემიერ ლიგაში 35 მატჩი ჩაატარა.
შემდეგ ის ვილიარეალში გადავიდა, სადაც 2025/26 წლების სეზონში 32 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
მისი კონტრაქტი ესპანურ კლუბთან ივნისის ბოლოს იწურება, თუმცა შეთანხმებაში კიდევ 1 წლით გახანგრძლივების შესაძლებლობა არსებობს.

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები

