ოტო ადო განის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან, მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატჩამდე 72 დღით ადრე, გათავისუფლდა.
„განის ფეხბურთის ასოციაციამ (GFA) დაუყოვნებლივ შეწყვიტა თანამშრომლობა მამაკაცთა ნაკრების (Black Stars) მთავარ მწვრთნელთან, ოტო ადოსთან,“ - ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე ორშაბათს გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადებაში დამატებითი დეტალები არ იყო მოცემული არც ადოს შემცვლელზე და არც მისი გათავისუფლების მიზეზებზე.
მწვრთნელის გათავისუფლება ორშაბათს შტუტგარტში გერმანიასთან 2-1 მარცხს მოჰყვა. განამ ასევე 5-1 წააგო ავსტრიასთან გასულ პარასკევს და ბოლო ოთხ ამხანაგურ მატჩში ზედიზედ დამარცხდა.
ადოსთვის ეს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მეორე პერიოდი იყო, მას შემდეგ რაც დორტმუნდის ბორუსიამ 2024 წლის მარტში სეზონის ბოლოს გაათავისუფლა იგი ტალანტების განვითარების მიმართულებით დაკავებული პოზიციიდან.
ადო უკვე ხელმძღვანელობდა განის ნაკრებს დროებით 2022 წლის დიდ ნაწილში, მათ შორის კატარში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც განამ სამხრეთ კორეა დაამარცხა, თუმცა ჯგუფური ეტაპიდან მაინც ვერ გავიდა.
თავის სათამაშო კარიერაში, ჰამბურგში დაბადებულმა ადომ დორტმუნდთან ერთად ბუნდესლიგა მოიგო და განის ნაკრების შემადგენლობაში 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა.
განა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე მეხუთედ მოიპოვა ადგილი, ჯგუფ L-შია ხორვატიასთან, ინგლისთან და პანამასთან ერთად. მისი პირველი მატჩი 17 ივნისს ტორონტოში პანამასთან გაიმართება.