ტორონტო რეპტორსის ფორვარდმა, სანდრო მამუკელაშვილმა, Full Court Passport პოდკასტში საუბრისას განაცხადა, რომ ევროპაში დაბრუნება და კარიერის დასრულება NBA Europe-ის ლიგაში თამაშით სურს.
26 წლის ქართველმა ფორვარდმა აღნიშნა, რომ NBA Europe წარმატებული პროექტი იქნება და მიიჩნევს, რომ ახალი ლიგის დაწყებისთვის დრო უკვე შესაფერისია.
„ვფიქრობ, ეს ძალიან წარმატებული ლიგა იქნება. NBA Europe ევროპის საუკეთესო ქალაქებს მოიცავს. ეს შექმნის შესაძლებლობებს იმ მოთამაშეებისთვის, რომლებიც ახლოს არიან NBA-ში მოხვედრასთან და ამავდროულად დაეხმარება მათ განვითარებაში.“ - თქვა მამუკელაშვილმა.
„ვფიქრობ, ეს იმუშავებს. შეიძლება ერთი ან ორი წელი დასჭირდეს განვითარებისთვის, მაგრამ იდეა საოცარია.
ბევრი რამის გაკეთებაა შესაძლებელი კალათბურთში და ვფიქრობ, ახლა სწორ დროს ვიმყოფებით მის დასაწყებად. ტალანტი ნამდვილად იქნება.“ - დაამატა მან.
მამუკელაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ეს ლიგა გარკვეულწილად კონკურენციას გაუწევს როგორც კოლეჯის კალათბურთს, ისე NBA-ს.
„ვფიქრობ, ის კონკურენციას გაუწევს როგორც კოლეჯს, ისე NBA-ს. ძალიან მაინტერესებს, როგორ განვითარდება ეს ყველაფერი და იმედი მაქვს, მომავალში მეც მომეცემა იქ თამაშის შანსი,“ - თქვა მან.
მამუკელაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა სურვილს, კარიერა ევროპაში დაასრულოს.
„პირველ რიგში, მინდა ევროპაში ვითამაშო. მინდა იქ დავასრულო კარიერა. მსურს უმეტესად იქ ვიცხოვრო და იმედი მაქვს, როცა შვილები მეყოლება, ისინიც იქ იქნებიან ჩემთან ერთად და იგრძნობენ ამ ემოციებს - სახლთან სიახლოვეს, იმის სიმარტივეს, რომ ჩემს მშობლებს და მეგობრებს უფრო ადვილად შეეძლოთ ჩემი მონახულება,“ - განაცხადა მან.
ამ სეზონში მამუკელაშვილმა რეპტორსში მნიშვნელოვანი როლი მოიპოვა.
მან 65 მატჩში მიიღო მონაწილეობა, საშუალოდ კი 10.8 ქულას, 4.9 მოხსნას და 1.8 შედეგიან გადაცემას დაახლოებით 22 წუთში თამაშის განმავლობაში აგროვებს. ტორონტო ამჟამად აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა 38–29 ბალანსით.