სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-12 ტურში გიორგი გაგუას დუნაისკა სტრედამ რუჟომბეროკი გამანადგურებელი ანგარიშით, 5:0 დაამარცხა.
ქართველმა შემტევმა ანგარიში შეხვედრის მე-5 წუთზე, ეფექტური მოძრაობების შემდეგ ცაციათი დაბალ კუთხეში შესრულებული ზუსტი დარტყმით გახსნა. გაგუამ მოედანი 75-ე წუთზე, 5:0-ზე დატოვა.
25 წლის ფეხბურთელს კარიერაში საუკეთესო სეზონი აქვს. სლოვაკეთის ჩემპიონატში მან თერთმეტივე შეხვედრა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და 5 გოლთან ერთად 5 საგოლე პასიც მიითვალა.
წარმატებულია მისი ასპარეზობა სხვა ტურნირებზეც: კონფერენს ლიგის 4 მატჩში 1 გოლი (ველეჟ მოსტართან) და 1 ასისტი (ტვენტესთან) შეასრულა, ხოლო თასზე ჩატარებულ 1 შეხვედრაში 1 გოლით გამოირჩა.
საერთო ჯამში, მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 16 მატჩში მის ანგარიშზე 7 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა (სულ 13 საგოლე მოქმედება).
4 ქართველის ბრწყინვალე ფორმა მის სატრანსფერო ღირებულებაზეც აისახა - Transfermarkt-ის მონაცემებით, მიმდინარე სეზონში გაგუას ფასი 400 000-დან 750 000 ევრომდე გაიზარდა.
რაც შეეხება მის კლუბს, 11 ტურის შემდეგ დუნაისკა სტრედა 29 ქულით ჩემპიონატს ლიდერობს და უახლოეს მდევარ ტრნავას 7 ქულით უსწრებს (რომელსაც 10 მატჩში 22 ქულა აქვს). სასიხარულო სიახლეა ისიც, რომ გაგუას თანაგუნდელმა, ცოტნე კაპანაძემ ტრავმა მოიშუშა, სრული დატვირთვით ვარჯიშობს და მალე ოფიციალურ მატჩებშიც ვიხილავთ.