ქართველი ლეგიონერების მორიგი წარმატებული მატჩები ევროპულ არენაზე ირაკლი ეგოიანის ბრწყინვალე პერფორმანსით აღინიშნა.
ნიდერლანდების თასის გათამაშებაში, პირველი დივიზიონის მაასტრიხტთან შეხვედრაში, ექსელსიორის 22 წლის ნახევარმცველმა დუბლი შეასრულა და საკუთარ გუნდს 1/16-ფინალის საგზური მოაპოვებინა (3:0).
ეგოიანმა ანგარიში მე-15 წუთზე გახსნა, ხოლო მე-60 წუთზე თერთმეტმეტრიანი დარტყმა ზუსტად გამოიყენა. მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 11 შეხვედრაში ქართველი შემტევის ანგარიშზე უკვე 5 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.
პარალელურად, იტალიის სერია ა-ში საბა გოგლიჩიძის მონცამ შინ ნაპოლის უმასპინძლა და 1:4 დამარცხდა. ქართველი მცველი სასტარტო შემადგენლობაში იმყოფებოდა, თუმცა პირველ ტაიმში მიღებული ყვითელი ბარათის გამო შესვენებაზე შეცვალეს.
სლოვაკეთის ჩემპიონატში წარმატებულ სვლას განაგრძობს გიორგი გაგუასა და ცოტნე კაპანაძის დუნაისკა სტრედა, რომელმაც კოშიცესთან გამოტოვებული მესამე ტურის შეხვედრა სტუმრად 1:0 მოიგო.
გაგუამ მოედანზე 79 წუთი გაატარა. 12 ტურის შემდეგ დუნაისკა სტრედა 32 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეშია და მოქმედ ჩემპიონ ბრატისლავის სლოვანს 8 ქულით უსწრებს.