იბერია 1999

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი

ფეხბურთი

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ხვიჩა კვარაცხელია - GQ France-ის 2026 წლის ადამიანი
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

ხვიჩა კვარაცხელია - GQ France-ის 2026 წლის ადამიანი

14 წთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

GQ France-მა 2026 წლის ადამიანის ნომინაციის ლაურეატებს შორის ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა.


ნომინაციაში გამარჯვებულებს შორის ქართველ ფეხბურთელთან ერთად კოლმან დომინგო, ნილს შნაიდერი, ანჟელი, ტიაკოლა, ვილი ჩავარია, სალაჰდინ პარნასი და არტურ არარი არიან.


,,ჩემპიონთა ლიგის გასული გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებულმა ხვიჩა კვარაცხელიამ, პსჟ-ის შეტევის გამორჩეულმა ვარსკვლავმა, მთელი სეზონი იმ მეტოქეების დაჯაბნაში გაატარა, რომლებიც მის შეჩერებას ცდილობდნენ.


რამდენიმე კვირის წინ მძიმე ტრავმამ მისი წინსვლა მოულოდნელად შეაჩერა. თუმცა ხვიჩას უფრო დიდი სირთულეებიც გადაულახავს.


შეხვედრა ვირტუოზთან, რომელიც მხოლოდ ინდივიდუალური ოსტატობით კი არა, ძლიერი ხასიათითაც გამოირჩევა." - ასეთ შესავალს უკეთებს GQ France სტატიას ხვიჩა კვარაცხელიაზე.


,,ფეხბურთში ზოგჯერ წარმოუდგენლად სასტიკი ამბები ხდება. სწორედ ასეთი რამ მოხდა 20 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგაზე, პარი სენ-ჟერმენსა და ბარსელონას შორის გამართულ შეხვედრაში. 58-ე წუთზე, როდესაც ესპანურმა გუნდმა ანგარიში გაათანაბრა და მატჩი სულ უფრო დაძაბული ხდებოდა, ჩვეულებრივი სათამაშო ორთაბრძოლა ნამდვილ კოშმარად იქცა.


პსჟ-ის ქართველი გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია ბარსელონას მცველს შეეჯახა. ინერციის შედეგად მას მუხლი გადაუბრუნდა. ფეხბურთელი დაეცა და ტკივილისგან ყვირილი დაიწყო. პარკ დე პრენსზე შეკრებილმა 40 000-ზე მეტმა ადამიანმა ერთდროულად შეიკავა სუნთქვა. ყველას ერთი იმედი ჰქონდა, ნეტავ ის არ მომხდარიყო, რასაც ფიქრობდნენ.


მომდევნო დღეს დიაგნოზი ცნობილი გახდა: ჯვარედინი იოგის გაწყვეტა. ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ტრავმა, რომელიც ფეხბურთელს შეიძლება დაემართოს. მოედნიდან მინიმუმ 6 თვით ჩამოშორება. სიტუაციის სიმძიმის გასაგებად საკმარისია იმ უამრავი გამოხმაურების გახსენება, რომელიც ტრავმას მოჰყვა.


პსჟ-მა ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე კვარაცხელიას ფოტო გამოაქვეყნა წარწერით:


შენთან ვართ, კვარა.


თავად ქართველმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში ვრცელი და ემოციური წერილი გამოაქვეყნა:


ყოველი მატჩის წინ ღმერთს ვთხოვდი, რომ მოედანი უვნებლად დამეტოვებინა. ამჯერად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ტრავმის მიღებიდან დიდი დრო არ გასულა, მაგრამ ერთი კითხვა მუდმივად მიტრიალებს თავში: რატომ მე?



ამ ამბავმა საზოგადოება განსაკუთრებით იმიტომ შეძრა, რომ თითქმის 2 წლის განმავლობაში ქართველი ფეხბურთელის წყალობით ყველაფერი შესაძლებელი ჩანდა.


ფეხბურთელი, რომელსაც ევროპელი სკაუტები დიდი ხნის განმავლობაში მეორეხარისხოვან ტალანტად მიიჩნევდნენ და ფიქრობდნენ, რომ რუსეთის ჩემპიონატის დაბალ დონეზე დარჩენა ელოდა, პარიზული გუნდის სისტემის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილად იქცა. მან არაერთხელ დაამტკიცა, რომ ყველაზე გადამწყვეტ შეხვედრებში მატჩის ბედის შეცვლა შეუძლია.


პარიზში ყველამ იცის, რომ ჩემპიონთა ლიგის ბოლო 2 ტიტულის მოპოვებაში, რომლებსაც კლუბმა მრავალწლიანი წარუმატებლობისა და ბრძოლის შემდეგ მიაღწია, კვარაცხელიას უდიდესი წვლილი მიუძღვის.


ის მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად იქცა. მაგრამ შესაძლებელია თუ არა გმირად დარჩენა მაშინ, როდესაც საავადმყოფოს საწოლზე წევხარ?


ამის თქმა რთულია, თუმცა კვარას უარესი პერიოდებიც გამოუვლია. როგორც ის პარიზელ ფიზიოთერაპევტებს ხშირად ეუბნება ჯერ კიდევ არცთუ გამართული ფრანგულით:


ქართველები მაგარი ბიჭები ვართ.


საქართველოს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ დიდ საფეხბურთო ქვეყანას. უეფას ამჟამინდელ რეიტინგში ქვეყანა 51-ე, ფაქტობრივად ბოლო ადგილზე იმყოფება. საკლუბო დონეზე ერთადერთი მნიშვნელოვანი მიღწევა თბილისის დინამოს მიერ შორეულ 1981 წელს თასების მფლობელთა თასის მოგებაა. მას შემდეგ - არაფერი.


მიუხედავად ამისა, ხვიჩა კვარაცხელია 2001 წელს საფეხბურთო ოჯახში დაიბადა.


მისმა მამამ, ბადრიმ, ყოფილმა ფეხბურთელმა, რომელიც მოგვიანებით მწვრთნელი გახდა, კარიერის უდიდესი ნაწილი აზერბაიჯანში გაატარა და შვილს ფეხბურთის სიყვარული ბავშვობიდანვე ჩაუნერგა.


ის ჩემი კერპი იყო. მაშინ იუთუბი ისეთი ხელმისაწვდომი არ იყო, როგორიც დღესაა. ამიტომ დედაჩემის მიერ ჩაწერილ მისი მატჩების ვიდეოებს დაუსრულებლად ვუყურებდი. ის შესანიშნავი ფეხბურთელი იყო, წარმოუდგენლად ძლიერი შორეული დარტყმით. ერთხელ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზეც კი შეასრულა ჰეთ-თრიქი. მინდოდა, მას დავმსგავსებოდი.


ამ მიზნის მისაღწევად ხვიჩა მეგობრებთან ერთად ქუჩაში ან მრავალსართულიან კორპუსებს შორის მოწყობილ მოედნებზე თამაშს მიეჩვია.


საქართველოში გვაქვს მოედნები, რომლებსაც ყველა მხრიდან შენობები აკრავს, ცოტათი ბრაზილიას ჰგავს. როდესაც თამაშობ, ხალხი ფანჯრებთან იკრიბება და მატჩს უყურებს. სხვა გზა არ გაქვს, აუცილებლად რაღაც განსაკუთრებული უნდა აჩვენო.


ნელ-ნელა ხვიჩამ ტექნიკა დახვეწა და მეტოქეებისთვის უკიდურესად სახიფათო დრიბლიორად ჩამოყალიბდა. სწორედ ამან მიიყვანა ის ადრეულ ასაკში თბილისის დინამოს აკადემიაში.


თუმცა თავდაპირველად თავის დამკვიდრება გაუჭირდა. მისი შედარებით სუსტი ფიზიკური აღნაგობა ხელს უშლიდა, რომ უფრო მაღალ ასაკობრივ გუნდებში გადაეყვანათ. ამიტომ საყვარელი ფეხბურთელის, კრიშტიანუ რონალდუს მაგალითს მიჰყვა და ორმაგად მეტი შრომა დაიწყო.



თავიდან ძალიან რთული იყო, მაგრამ 16 წლიდან უკვე ძირითად გუნდში დავიწყე თამაში.


მეტი სათამაშო დროის მისაღებად ის რუსთავში გადავიდა, რომელიც საქართველოს უმაღლეს დივიზიონში ახალი აღზევებული იყო. შემდეგ კი ბედი რუსეთში, მოსკოვის ლოკომოტივში სცადა.


თუმცა ახალგაზრდა, გამხდარი და გამოუცდელი ფეხბურთელისთვის ეს ძალიან დიდი ნაბიჯი აღმოჩნდა. რუსეთის ჩემპიონატში კვარაცხელიამ თავის გამოჩენა ვერ მოახერხა და მატჩების უმეტეს ნაწილს სათადარიგოთა სკამზე ატარებდა.


კლუბი მისი შესაძლებლობებით ვერ დარწმუნდა. მიუხედავად ამ წარუმატებლობისა, ხვიჩამ რუსეთში დარჩენა გადაწყვიტა და ყაზანის რუბინთან გააფორმა კონტრაქტი.


ეს საშუალო დონის კლუბი ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელებისთვის შესაძლებლობის მიცემით იყო ცნობილი. სწორედ იქ იქცა კვარაცხელია გუნდის ძირითად შემადგენლობაში შეუცვლელ მოთამაშედ.


ის ფიზიკურად გაძლიერდა და მთელი რუსეთი გააოცა ბურთით წინ გადაადგილების უნარითა და დრიბლინგით, რომლის წყალობითაც ზოგჯერ მეტოქე გუნდის ნახევარს ატყუებდა.


20 წლის ასაკში კვარა საბოლოოდ ნამდვილ აღმოჩენად იქცა. მას ზედიზედ 2-ჯერ მიანიჭეს რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის წოდება, მოსკოვის ლოკომოტივის ყოფილი წარუმატებელი შენაძენის სტატუსი კი წარსულს ჩაბარდა.


2022 წლის 24 თებერვალს, ზამთრის შუაგულში, ვლადიმირ პუტინმა ტანკები და სამხედრო თვითმფრინავები კიევისკენ გაგზავნა. ის, რასაც რუსეთის ხელისუფლება უბრალო „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებდა და რაც რამდენიმე დღეში უნდა დასრულებულიყო, უკრაინელების ძლიერ წინააღმდეგობას წააწყდა.


უკრაინამ რუსეთის შეტევის შეჩერება მოახერხა. ომი გახანგრძლივდა, ევროპამ კი რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დაწესება დაიწყო. ამ ვითარებაში FIFA-მ რუსული კლუბები ყველა ევროპული შეჯიბრებიდან მოკვეთა და განსაკუთრებული ზომა გამოაცხადა.


რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებს მიეცათ უფლება, „ცალმხრივად შეეჩერებინათ შრომითი ხელშეკრულება“, რათა სხვა ლიგის კლუბებთან გაეფორმებინათ კონტრაქტები.


მიზანი იმ ფეხბურთელების წასვლის გამარტივება იყო, რომლებმაც საკუთარ კლუბებთან შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ყაზანის რუბინის ძირითადი შემადგენლობის წევრ ხვიჩა კვარაცხელიას არჩევანის გაკეთება მოუწია.


საზოგადოებრივი ზეწოლა ძალიან დიდი იყო. საქართველოში უკრაინაზე რუსეთის თავდასხმამ წარსულის მტკივნეული მოგონებები გააცოცხლა. 2008 წელს რუსეთი საქართველოს ტერიტორიებზე შეიჭრა, რამაც ორ ქვეყანას შორის ღრმა დაპირისპირება გამოიწვია.


კვარაცხელიას რუსეთში თამაშის გამო მანამდეც აკრიტიკებდნენ. საბოლოოდ მან გადაწყვიტა, რომ სამშობლოში დაბრუნების დრო დადგა. უკრაინაში ომის დაწყებიდან დაახლოებით 1 თვის შემდეგ ხვიჩამ ყაზანის რუბინიდან წასვლის შესახებ განაცხადა.


თუმცა რუსეთის ჩემპიონატში ნაჩვენები პერსპექტიული თამაშის მიუხედავად, ევროპული გრანდები მის შესაძენად რიგში არ იდგნენ.


საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა და საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა არაერთხელ გაიხსენა, როგორ სთავაზობდა კვარაცხელიას სხვადასხვა ევროპულ კლუბს. სანიოლი მას ხშირად ფრანკ რიბერის ადარებდა. მაგრამ ყველა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.



სამწუხაროდ, მის შესახებ ხშირად ძალიან უცნაური რაღაცები მესმოდა. მაგალითად, ამბობდნენ, რომ რადგან ქართველი იყო, დასავლეთ ევროპაში ადაპტაციას ვერ შეძლებდა. ერთხელ ვიღაცამ ისიც კი მკითხა, მისთვის ოდნავ ლათინური ჟღერადობის მეტსახელი ხომ არ შეიძლებოდა მოგვეფიქრებინა.


ზოგიერთი პირდაპირ ეუბნებოდა:


ამ ფეხბურთელს ჩემს პრეზიდენტს ვერ შევთავაზებ, თორემ სამსახურიდან გამათავისუფლებს.


უკეთესი ვარიანტის არარსებობის გამო ხვიჩა საქართველოში დაბრუნდა და ბათუმის დინამოს შეუერთდა. იქ მხოლოდ 11 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. თუმცა ამ მოკლე პერიოდმა მისთვის ყველაფერი შეცვალა.


ეს ჩემი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი 2 თვე იყო.


ქართველი ვუნდერკინდის სამშობლოში დაბრუნებას ნამდვილი აჟიოტაჟი მოჰყვა. სტადიონები, რომლებზეც ის თამაშობდა, გულშემატკივრებით ივსებოდა. მთელი საქართველო საკუთარ ვარსკვლავზე საუბრობდა.



ეს თითქმის საიუბილეო ზეიმს ჰგავდა ფეხბურთელისთვის, რომლის დიდი კარიერაც ჯერ სათანადოდ დაწყებული არ იყო. ამ განსაკუთრებულმა პერიოდმა კვარაცხელიას ფიზიკურად გაძლიერების შესაძლებლობაც მისცა.


სეზონის ბოლოს ის ევროპისთვის საბოლოოდ მზად იყო. დაახლოებით 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ ქართველმა ფეხბურთელმა ნაპოლისთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. იტალიაში გამგზავრებამდე მას აფრთხილებდნენ, რომ ფეხბურთის თვალსაზრისით ნეაპოლი ჩვეულებრივი ქალაქი არ იყო.


მანამდე უკვე რამდენიმე კლუბში მქონდა ნათამაშები და ვფიქრობდი, რომ განსაკუთრებული არაფერი იქნებოდა. მაგრამ როდესაც იქ ჩავედი, ძალიან სწრაფად მივხვდი, რომ ყველაფერი სრულიად სხვაგვარად იყო.


ეს მიწისძვრას ჰგავს. თითქოს ვეზუვის ვულკანი ახლახან ამოიფრქვა. 2023 წლის 4 მაისს, დაახლოებით საღამოს 22:30 საათზე, ნეაპოლი ნამდვილ ქაოსში ეხვევა. ყველგან ყვირილი ისმის, ცაში ცეცხლი და აფეთქებები ჩანს. ქალაქის ყველა უბანში მოსახლეობა ქუჩებში გამოდის. ნეაპოლმა ახლახან იტალიის ჩემპიონობა მოიპოვა.


და როდესაც იცი, რამდენად უყვართ ნეაპოლელებს ფეხბურთი, ეს ვულკანური რეაქცია სრულიად ბუნებრივია. აქ ამ მომენტს 33 წელი ელოდნენ. უფრო ზუსტად, 1990 წლიდან, როდესაც დიეგო მარადონა ადგილობრივ სტადიონს, რომელიც დღეს მის სახელს ატარებს, თავისი თამაშით აღაფრთოვანებდა.


მას შემდეგ ქალაქში არგენტინელი ფეხბურთელის თითქმის რელიგიური კულტი ჩამოყალიბდა. მარადონას აქ თითქმის ქრისტესავით სცემენ თაყვანს.


თითქოს ამით ცდილობდნენ დაევიწყებინათ, რომ ცისფერმა გუნდმა იტალიური ფეხბურთის მწვერვალზე დაბრუნება ვეღარ მოახერხა. ამიტომ 2023 წლის მაისის ეს საღამო ნამდვილი გათავისუფლების განცდას ჰგავდა. 


სანამ ქალაქი ზეიმობდა, გასახდელის ერთ-ერთ კუთხეში ახალგაზრდა ფეხბურთელი ტიროდა. ის მოედნიდან სულ ახლახან დაბრუნებულიყო და საქართველოს დროშის ქვეშ იმალებოდა. ეს ხვიჩა კვარაცხელია იყო.


კამპანიის რეგიონში ჩასვლიდან მხოლოდ 10 თვის შემდეგ ქართველი ფეხბურთელი იტალიის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებისთვის ემზადებოდა. ეს ყველაფერი წარმოუდგენლად შორს იყო იმ პერიოდიდან, როდესაც რუსეთის ჩემპიონატში თავის დამკვიდრება უჭირდა.


მთელი სეზონის განმავლობაში მისი არაპროგნოზირებადი დრიბლინგი მეტოქეთა დაცვას პრობლემებს უქმნიდა, ხოლო თამაშის შესანიშნავმა ხედვამ ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო ასისტენტად აქცია.


ნეაპოლში მას განსაკუთრებული მეტსახელიც კი შეარქვეს - კვარადონა.


ამ მეტსახელმა გარკვეული ზეწოლა შექმნა. ნეაპოლში მარადონა ღმერთივითაა. ამიტომ მასთან შედარება ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგიაა. რა თქმა უნდა, ეს გადაჭარბებულია, მაგრამ ნეაპოლელები ასეთები არიან. ეს მათი ბუნებაა. იქ შეიძლება შეხვდე 90 წლის ქალებს, რომლებმაც ფეხბურთის შესახებ ყველაფერი იციან. ამ კლუბში თამაშმა ფეხბურთისადმი ჩემი სიყვარული კიდევ უფრო გააძლიერა.



ისტორიული ჩემპიონობის აღსანიშნავად, რომელიც კვარაცხელიას პირველი დიდი ევროპული ტიტული გახდა, ნეაპოლში მარადონას ეპოქიდან შემორჩენილი ძველი ტრადიციაც გაცოცხლდა.


ქალაქის თავზე აღმართულ ბორცვზე, პოჯორეალეს სასაფლაოს გალავანზე, კვარას ხელმძღვანელობით მოპოვებული გამარჯვების აღსანიშნავად, გარდაცვლილებისთვის განკუთვნილი წარწერა გაჩნდა:


თქვენ არ იცით, რა გამოტოვეთ.


მომდევნო სეზონში ნაპოლიმ წარმატების გამეორება ვერ მოახერხა და სატურნირო ცხრილის შუა ნაწილში აღმოჩნდა. გუნდში, რომელსაც მთავარი მწვრთნელი ახალი შეცვლილი ჰყავდა, კვარაცხელია ნაკლებად შთამბეჭდავად გამოიყურებოდა და ზოგჯერ მოედანზე თითქმის შეუმჩნეველიც იყო.


მის უკმაყოფილებას კიდევ ერთი გარემოება ემატებოდა, წინა სეზონის გამორჩეული თამაშის მიუხედავად, კლუბმა ხელფასი არ გაუზარდა. მამისა და აგენტის მეშვეობით ქართველმა ფეხბურთელმა კლუბის დატოვების სურვილი გააჟღერა. თუმცა ნაპოლიმ მის გაშვებაზე უარი განაცხადა. ხვიჩას მოთმინება მოუწევდა. მაგრამ მან იცოდა, რომ სადღაც, ევროპის სხვა ნაწილში, მას ელოდნენ.


2023 წლის ზაფხულში ლუის ენრიკეს პსჟ-ის მთავარ მწვრთნელად დანიშვნამ პარიზულ კლუბში ბევრი რამ შეცვალა.


წლების განმავლობაში გუნდის ყოველდღიურ ცხოვრებას ფეხბურთელებს შორის ეგოების დაპირისპირება, ვარსკვლავების ახირებები და, რაც მთავარია, ნანატრი ჩემპიონთა ლიგის მოგების შეუძლებლობა ართულებდა.


წესრიგის აღსადგენად ესპანელ მწვრთნელს არ შეშინებია გასახდელის ზოგიერთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელის გაშვება. მისი მიზანი გუნდურ თამაშზე ორიენტირებული მოთამაშეების გარშემო ახალი კოლექტივის ჩამოყალიბება იყო.


იმ ფეხბურთელების სიის სათავეში, რომელთა გადაბირებაც მას სურდა, ხვიჩა კვარაცხელია იდგა. შრომისმოყვარე და თავმდაბალი, თუმცა მოედანზე წარმოუდგენლად აგრესიული ქართველი ლუის ენრიკეს საფეხბურთო ფილოსოფიას იდეალურად შეესაბამებოდა.


როდესაც მითხრეს, რომ პსჟ ჩემით ინტერესდებოდა, მაშინვე მომინდა იქ გადასვლა. მანამდე მათ მატჩებს ვუყურებდი და ვხედავდი პარიზელი გულშემატკივრების სიყვარულს. მინდოდა, მათთვის მეთამაშა.


საბოლოოდ, 2025 წლის იანვარში ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა. გარიგების ღირებულება დაახლოებით 70 მილიონ ევროს შეადგენდა.


ქართველი გარემარბი ყველაზე უკეთ განასახიერებს პსჟ-ის აღორძინებას მრავალწლიანი წარუმატებლობის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ გუნდს სეზონის შუაში შეუერთდა, კვარამ შემადგენლობაში საკუთარი ადგილი სწრაფად იპოვა.


როდესაც ასეთ გუნდში, ასეთი ფეხბურთელების გვერდით მიდიხარ, შეცდომების დაშვების დრო არ გაქვს. თავიდანვე მზად უნდა იყო. აქ ძალიან მნიშვნელოვანია მწვრთნელის მითითებების შესრულება. თავიდანვე მითხრა, რომ დაცვაში ისეთივე აგრესიულობით უნდა მეთამაშა, როგორითაც შეტევაში ვთამაშობ. მისგან ყოველდღე ვსწავლობ მენტალურად, ფიზიკურად და ტაქტიკურად.


პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგის სეზონი საკმაოდ მძიმედ ჰქონდა დაწყებული. თუმცა 2025 წლის 22 იანვარს, კვარაცხელიას ჩასვლიდან სულ რაღაც 5 დღის შემდეგ, მანჩესტერ სიტისთან მოპოვებულმა ბრწყინვალე გამარჯვებამ გუნდის გამოღვიძება აღნიშნა.


ამის შემდეგ პარიზელების შეჩერება თითქმის შეუძლებელი გახდა. კლუბი მიუნხენში გამართული ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე მივიდა და მილანის ინტერი 5:0 გაანადგურა.



მე-4 გოლი ქართველმა ფეხბურთელმა გაიტანა. პსჟ-მ საბოლოოდ ნანატრი ტიტული მოიპოვა. იტალიაში ცნობილმა გამოცემამ La Gazzetta dello Sport-მა გაოცება ვერ დამალა:


მანამდე არცერთ გუნდს ევროპული ტურნირის ფინალში ხუთბურთიანი სხვაობით არ წაუგია. ეს სპორტული ხოცვა-ჟლეტაა. ვატერლოო, კორეა, მინეირასო... პსჟ-ს მეკარის გარეშეც რომ ეთამაშა, მაინც გაიმარჯვებდა.


რამდენიმე თვის შემდეგ, რადიო RTL-თან საუბრისას, სპორტულმა ჟურნალისტმა დეივ აპადუმ კვარას გამოჩენა ასე შეაფასა:


იანვარში მისმა მოსვლამ ყველაფერი შეცვალა. გუნდში მოგყავს ჩემპიონთა ლიგის ერთგვარი მისტერ პლუსი - ადამიანი, რომელსაც ასეთ სიტუაციებში ფიზიკურად, მენტალურად, ტექნიკურად და ეფექტიანობის თვალსაზრისით რაღაც განსაკუთრებული აქვს. ვფიქრობ, ეს ისტორიაში ზამთრის საუკეთესო ტრანსფერია.


უნდა ვაღიაროთ, რომ კვარაცხელია დიდი მატჩების ფეხბურთელია. მისი უნარი, ზეწოლის პირობებში საუკეთესო თამაში აჩვენოს და გადამწყვეტ მომენტებში შეხვედრის მიმდინარეობა შეცვალოს, ხშირად სწორედ მას აქცევს ევროპულ საღამოებზე გუნდის დაბრუნების მთავარ ინიციატორად.


ჩემპიონატში შედარებით ნაკლებად შედეგიანობის გამო მას ხშირად აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ თითქოს თავად არჩევს, რომელ მატჩში ითამაშოს განსაკუთრებული მონდომებით. კვარაცხელია ამას უარყოფს, თუმცა აღიარებს, რომ ზოგიერთი შეხვედრა მის სათამაშო სტილს უფრო მეტად შეესაბამება.


დიდ მატჩებში, ძლიერი გუნდების წინააღმდეგ, თამაში ხშირად უფრო გახსნილია. ფეხბურთელები დაცვაში ნაკლებად კომპაქტურად მოქმედებენ. ეს დრიბლინგისა და აჩქარებისთვის მეტ სივრცეს ტოვებს.


სწორედ ამას აკეთებდა ის 2025/26 წლების ჩემპიონთა ლიგის მთელი გათამაშების განმავლობაში. ევროპის იმ დროისთვის საუკეთესო გუნდში მოთამაშე ქართველმა ფენომენალური სეზონი ჩაატარა.


ტურნირზე, რომელიც პსჟ-მა ზედიზედ მეორედ მოიგო, კვარაცხელია პარიზული კლუბის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა და ყველაზე მეტი საგოლე გადაცემაც შეასრულა. რაც მთავარია, მსოფლიოს საუკეთესო გუნდების დაცვის ხაზების არაერთხელ გარღვევის შემდეგ ის ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.


ამ მიღწევებმა კვარაცხელია ოქროს ბურთის მოგების ერთ-ერთ სერიოზულ კანდიდატად აქცია. შესაძლოა, ეს ჯილდო კიდეც მოეგო, 2026 წელი მსოფლიო ჩემპიონატის წელი რომ არ ყოფილიყო - ტურნირის, რომელზეც საქართველომ კვალიფიკაცია ვერ მოიპოვა.



სპორტული მიღწევების მიღმა კვარაცხელიამ კარგად იცის, რამდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა პსჟ-ში გადასვლა მისი იმიჯისთვისაც.


როდესაც პარიზის მსგავს კლუბში მიდიხარ, იცი, რომ კარგად უნდა გეცვას. ერთ-ერთი პირველი, რაც გავაკეთე, პირადი სტილისტის მოძებნა იყო.


ქალაქთან ადაპტაციისთვის, სადაც მოდას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, ხვიჩა კიდევ 2 ქართველს დაუკავშირდა, რომლებიც პარიზში ხშირად ჩადიოდნენ. ესენი ძმები დემნა და გურამ გვასალიები არიან - შესაბამისად, Gucci-სა და Vetements-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელები.


რამდენიმე მოდის ჩვენებაზე მიმიწვიეს, მაგრამ მატჩების გამო წასვლის დრო თითქმის არასდროს მაქვს. ძალიან კარგი ადამიანები არიან. საქართველოში ყველა ამაყობს იმით, რასაც ისინი მოდის სამყაროში აკეთებენ.


თუმცა თბილისში დღეს ყველაზე ხშირად სწორედ კვარას და პსჟ-ში მისი თანაგუნდელების სახეები ჩანს. თითქოს ეს ყველას ახსენებს, რომ ქართველი ახალგაზრდების მომავალი ევროპაშია.


2024 წლის ნოემბრიდან საქართველო სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისში იმყოფება, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა.


პოლიციის მხრიდან ძალადობრივი რეპრესიების მიუხედავად, ქართველები თითქმის 2 წელია ყოველდღიურად იკრიბებიან თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, ევროპული დროშებით და ქვეყანაში მოსკოვის მზარდ გავლენას აპროტესტებენ.


ამ ვითარებაში კვარაცხელიამ, რომელიც ჩვეულებრივ პოლიტიკურ საკითხებზე საჯარო განცხადებებისგან თავს იკავებს, ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტიტულის მოგების საღამოს განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო.


ფინალური მატჩის შემდეგ, შერეულ ზონაში, ჟურნალისტმა მას ჰკითხა: „ხვიჩა, შეგიძლია რუსულად მიპასუხო? რას გრძნობ დღეს?“ ქართველმა გარემარბმა მას მაშინვე ინგლისურად შეაწყვეტინა:


არა, არ შემიძლია. ბოდიში.


ამის შემდეგ კი სხვა კითხვაზე პასუხი ქართულად გააგრძელა. ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მისი თანამემამულეების დიდ ნაწილს განსაკუთრებული სიამაყე ეგრძნო.


შესაძლოა, კვარამ საქართველოში ოქროს ბურთი ვერასდროს ჩამოიტანოს. მაგრამ მან საკუთარი გზით, ჩემპიონთა ლიგის თასის ზედიზედ 2-ჯერ აღმართვით, ევროპული დიდება თბილისშიც ჩაიტანა."



Lauréat GQ Men of the Year 2026 : Khvicha Kvaratskhelia Meilleur joueur de la Ligue des champions 2025-2026, Khvicha Kvaratskhelia a été l’un des grands artisans du deuxième sacre européen consécutif du PSG. Le Géorgien est aujourd’hui une fierté nationale et l’un des visages incontournables du football européen. 👉 https://t.co/3BcBFlLWP0

— GQ France (@GQ_France) November 16, 2026


თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

დინამო ბათუმი
დინამო თბილისი
ლუის ენრიკე
ნაპოლი
პსჟ
ქართული ფეხბურთი
რუსთავი
ვილი სანიოლი
ხვიჩა კვარაცხელია

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

უხვგოლიანი ჯახი თუ ფრთხილი ტაქტიკა უკრაინასთან: რა ანგარიშს ელიან ანალიტიკოსები

•ფეხბურთი

ფეხბურთი

უხვგოლიანი ჯახი თუ ფრთხილი ტაქტიკა უკრაინასთან: რა ანგარიშს ელიან ანალიტიკოსები
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რა მდგომარეობაა ეროვნული ლიგის ცხრილში იბერიას მატჩის შემდეგ?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რა მდგომარეობაა ეროვნული ლიგის ცხრილში იბერიას მატჩის შემდეგ?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

კვარა ოქროს ბურთის შედეგებს გამოეხმაურა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კვარა ოქროს ბურთის შედეგებს გამოეხმაურა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

კვარაცხელიას მორიგი აღიარება - GQ-ის წლის ადამიანების გამარჯვებულების სია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კვარაცხელიას მორიგი აღიარება - GQ-ის წლის ადამიანების გამარჯვებულების სია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

21 სთ წინ

უხვგოლიანი ჯახი თუ ფრთხილი ტაქტიკა უკრაინასთან: რა ანგარიშს ელიან ანალიტიკოსები

News image

21 სთ წინ

რა მდგომარეობაა ეროვნული ლიგის ცხრილში იბერიას მატჩის შემდეგ?

News image

5 სთ წინ

კვარა ოქროს ბურთის შედეგებს გამოეხმაურა

News image

4 სთ წინ

კვარაცხელიას მორიგი აღიარება - GQ-ის წლის ადამიანების გამარჯვებულების სია

კომენტარები

ლინკის დაკოპირება