რა ვისწავლეთ პსჟ-სა და მიუნხენის ბაიერნის 9-გოლიანი თრილერიდან?
პსჟ-მ და მიუნხენის ბაიერნმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ მატჩში ნამდვილი შოუ მოაწყვეს (5:4). გთავაზობთ სამ მთავარ დასკვნას იმ შეხვედრიდან, რომელმაც ფეხბურთის მოყვარულებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა.
1. ფინალი ვადაზე ადრე
თუ მეორე ნახევარფინალში, მადრიდის ატლეტიკოსა და ლონდონის არსენალს შორის, უფრო ფრთხილ და ჩაკეტილ ფეხბურთს ველით, პარიზში სულ სხვა სანახაობა ვიხილეთ. ეს იყო ევროპის ორი საუკეთესო გუნდის დაპირისპირება, რომლებიც მხოლოდ მათთვის დამახასიათებელ, სუნთქვისშემკვრელ ფეხბურთს თამაშობენ. ბოლო 30 წლის განმავლობაში ეს მხოლოდ მეორე შემთხვევაა, როცა მიუნხენის ბაიერნმა ჩემპიონთა ლიგის მატჩში 5 გოლი გაუშვა, პსჟ-ს კი საკუთარ მოედანზე 4 გოლი 2006 წლის შემდეგ არ მიუღია. მიუხედავად იმისა, რომ ერთი გუნდი დამარცხდა, მთავარი გამარჯვებული მაინც ფეხბურთი დარჩა.
2. ხვიჩა კვარაცხელია - პსჟ-ს შეტევის ახალი ლიდერი?
პარიზულ კლუბში ოქროს ბურთის მფლობელი თამაშობს (უსმან დემბელე), თუმცა პარკ დე პრენსზე შეკრებილმა გულშემატკივარმა დაინახა, რომ გუნდს ახალი წინამძღოლი ჰყავს. სწორედ ხვიჩა კვარაცხელია აღმოჩნდა ის მოთამაშე, რომელმაც პირველ ტაიმში ანგარიში გაათანაბრა, ხოლო მეორეში დუბლი გაიფორმა და სხვაობა სამამდე გაზარდა (5:2).
პირველი ტაიმის მიწურულს, როდესაც ქართველმა ფეხბურთელმა ფეხი იტკინა, სტადიონზე ყველამ გააცნობიერა, თუ რამხელა დანაკლისი იქნებოდა მისი არყოფნა ლუის ენრიკესთვის. კვარა არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის ჩნდება დიდ სცენაზე საჭირო დროს. ლუის ენრიკემ იხუმრა კიდეც, რომ ხვიჩას გასულ კვირას ნანტთან დუბლის შესრულებისას ეგონა, რომ ჩემპიონთა ლიგის მატჩს თამაშობდა. ის ერთდროულად არის მისტერ საიმედოობა და მისტერ გასაოცარი.
3. მაიკლ ოლისეს რევანში მშობლიურ მიწაზე
ამ საღამოს ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი დუელი მაიკლ ოლისესა და ნუნო მენდეშს შორის შედგა, სადაც გერმანული გუნდის ფრანგმა ლეგიონერმა მეტოქე აშკარად დაჩრდილა. ოლისე მენდეშს მთელი ღამის განმავლობაში მოსვენებას არ აძლევდა. მის მიერ გატანილი გოლი კი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ასეთი ნიჭის მქონე მოთამაშეს თავისუფალი სივრცე არ უნდა დაუტოვო. სადებიუტო სეზონში 49 საგოლე მოქმედება (გოლი+ასისტი) 47 მატჩში - ეს ელიტური მაჩვენებელია ელიტური მოთამაშისთვის. ოლისემ მშობლიურ საფრანგეთში დაამტკიცა, რომ ზაფხულის მსოფლიო ჩემპიონატზე ნაკრების ძირითად შემადგენლობაში ადგილს იმსახურებს.