უპრეცედენტო შემთხვევა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში: პსჟ-მ და მიუნხენის ბაიერნმა ისტორიული სანახაობა მოაწყვეს
პსჟ-მ და მიუნხენის ბაიერნმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ მატჩში ტურნირის რეკორდები გადაწერეს. აქამდე არასდროს მომხდარა, რომ ნახევარფინალის პირველ 45 წუთში 5 გოლი გასულიყო. გარდა ამისა, დაიო უპამეკანოს 65-ე წუთზე გატანილმა გოლმა (3:5) ეს შეხვედრა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე უხვგოლიან ნახევარფინალად აქცია.
მატჩი „პარკ დე პრენსზე“ დრამატულად წარიმართა. მე-17 წუთზე ჰარი კეინმა პენალტით მიუნხენელები დააწინაურა. პსჟ-მ მალევე უპასუხა ხვიჩა კვარაცხელიას ეფექტური გოლით, რომელმაც მანუელ ნოიერს შანსი არ დაუტოვა. ნახევარი საათის თავზე ჟოაო ნევეშმა პარიზელები წინ გაიყვანა, თუმცა 41-ე წუთზე მაიკლ ოლისემ წონასწორობა აღადგინა 2:2. ტაიმის მიწურულს, VAR-ის ჩარევის შემდეგ დანიშნული პენალტი უსმან დემბელემ ზუსტად გამოიყენა და შესვენებაზე მასპინძლები უპირატესობით გავიდნენ.
VIDEO: გოოოოლ! - კვარამ ნოიერს მაგარი გოლი გაუტანა
ხვიჩა კვარაცხელია მიუნხენის ბაიერნთან ისტორიული შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო. მას შემდეგ, რაც ჰარი კეინმა სტუმრები დააწინაურა, პარიზელებმა წონასწორობა სწორედ ქართველის წყალობით აღადგინეს, ხვიჩას „მოჭრილმა“ დარტყმამ მანუელ ნოიერს შანსი არ დაუტოვა. მოგვიანებით, 56-ე წუთზე, კვარაცხელიამ დუბლი გაიფორმა და ანგარიში 4:2 გახადა, რითაც პსჟ-ს სოლიდური უპირატესობა მოუპოვა. მისი გოლები გადამწყვეტი აღმოჩნდა იმ სანახაობრივ მატჩში, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე უხვგოლიან ნახევარფინალად შევიდა.
VIDEO: დუბლიიიიი! - ხვიჩამ ბაიერნს კიდევ ერთი გაუტანა
ფინალისტის ვინაობა მომავალ კვირას, მიუნხენში გაირკვევა. წყვილში გამარჯვებული ბუდაპეშტში გასამართ ფინალში ლონდონის არსენალსა და მადრიდის ატლეტიკოს შორის საუკეთესოს დაუპირისპირდება.