კილიან მბაპე მარჯვენა კოჭზე სამედიცინო შემოწმებას გაივლის. ამის შესახებ საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა განაცხადა.
"კილიანს ვესაუბრე, მას მცირედი პრობლემა ჰქონდა, მაგრამ ეს სერიოზული არ არის, თორემ დღეს აქ არ იქნებოდა. სამედიცინო პერსონალთან ერთად სიტუაციას შევაფასებთ და შემდეგ ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება", - განუცხადა დეშამმა ჟურნალისტებს, საფრანგეთის ნაკრების ბაზაზე.
საფრანგეთის ნაკრების კაპიტანმა დაზიანება შაბათს რეალი-ვილიარეალის შეხვედრისას მიიღო, რამაც მისი სანაკრებო მატჩებში მონაწილეობა ეჭვქვეშ დააყენა.
ფრანგებმა სექტემბრის ორივე საკვალიფიკაციო მატჩი მოიგეს. ისინი პარასკევს, პსჟ-ს პარკ დე პრენსის სტადიონზე, აზერბაიჯანს უმასპინძლებენ, ხოლო სამი დღის შემდეგ ისლანდიაში ითამაშებენ.