კონორ მაკგრეგორი დიდხანს ნანატრი დაბრუნების თაობაზე UFC-სთან შეთანხმების მიღწევის შემდეგ უზომოდ ბედნიერია.
ორი წონითი კატეგორიის ყოფილი ჩემპიონი 11 ივლისს, UFC 329-ის მთავარ ბრძოლაში, მაქს ჰოლოუეის დაუპირისპირდება. მათი შეხვედრა ქვესაშუალო წონაში მაკგრეგორის ხუთწლიან იძულებით პაუზას დაასრულებს, რომელიც 2021 წლის ივლისში, UFC 264-ზე მიღებულმა ფეხის მძიმე ტრავმამ გამოიწვია.
მაკგრეგორის დაბრუნება MMA-ში მას შემდეგ გართულდა, რაც UFC-მ Paramount-თან 7.7 მილიარდი დოლარის ღირებულების სამაუწყებლო ხელშეკრულება გააფორმა. ფასიანი ტრანსლაციების სისტემის დასრულებამ პრაქტიკულად გააუქმა კონორის ძველი კონტრაქტი, რის შესახებაც მან საზოგადოებას თავადვე აცნობა.
ახლა კი ირლანდიელმა ვარსკვლავმა გაამჟღავნა, რომ მისი კონტრაქტის პირობები ხელახლა გადაიხედა და ახალი შეთანხმებით აღფრთოვანებულია.
კონორმა განაცხადა:
ჩემი სხეული დასვენებულია, გონება - მჭრელი და დასაბრუნებლად მზად ვარ. მყავს შესანიშნავი მეტოქე და მივიღე საუკეთესო პირობები UFC-სგან. ძალიან, ძალიან ბედნიერი ვარ. მათ, როგორც იქნა, დამაფასეს.
მაკგრეგორი არ მალავს, რომ ძველ კონტრაქტში მას მხოლოდ ორი ბრძოლა ჰქონდა დარჩენილი. გავლენიანი MMA ჟურნალისტის, არიელ ჰელვანის ინფორმაციით, ახალი შეთანხმება ირლანდიელს პრომოუშენთან დამატებითი ბრძოლებით არ აკავშირებს.
მაკგრეგორმა უარი თქვა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში ის თავისუფალი აგენტი გახდება.