ყოფილი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი UFC-ის მორიგი ორთაბრძოლის ჩანიშვნას მოუთმენლად ელოდება.
ქართველმა მებრძოლმა სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი გასულ დეკემბერს, UFC 323 ტურნირზე პეტრ იანთან წააგო, რის შემდეგაც რუსმა სპორტსმენმა ზურგზე მძიმე, ცხრასაათიანი ოპერაცია გადაიტანა.
დვალიშვილის განცხადებით, ორგანიზაცია მას დაჰპირდა, რომ შემდეგი სწორედ იანთან ტრილოგია იქნება. პირველ შეხვედრაში, 2023 წლის მარტში, ქართველმა მეტოქე ხუთი რაუნდის განმავლობაში სრულად დაჯაბნა, ხოლო რევანშში იანმა ქულებით გაიმარჯვა, რამაც მესამე, გადამწყვეტი მატჩის საჭიროება შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ რუსი მებრძოლი ივნისში დაბრუნებას აანონსებდა, ოფიციალური სიახლე ჯერ არ არსებობს.
მისგან არაფერი მესმის. მას ჯერ ბრძოლა არ უნდა. არ ვიცი, რა სიტუაციაა. ყველამ ვნახეთ მისი ინტერვიუ, სადაც ამბობდა, რომ ივნისში მზად იქნებოდა, თუმცა ივლისის ქარდი უკვე გამოცხადდა, მალე აგვისტოსაც დააანონსებენ. მე არაფერს მეუბნებიან. მხოლოდ ის ვიცი, რომ იანს ვხვდები, მაგრამ როდის - არ ვიცი. როგორც ჩანს, პეტრი დროს წელავს
ქართველი სპორტსმენი აცნობიერებს, რომ ქამრის დაკარგვის შემდეგ სიტუაციის კონტროლი ხელიდან გაუშვა. ფორმის შესანარჩუნებლად ის გრეპლინგის ტურნირებში მონაწილეობს და მიმდინარე უქმეებზე RAF 09 ღონისძიებაზე იუ-ეფ-სის ლეგენდას, ფრენკი ედგარს დაუპირისპირდება.
ეს სპორტია, სადაც ხანდახან ლოდინი გიწევს. როცა ჩემპიონი ვიყავი, შემეძლო იუ-ეფ-სისთვის მეთქვა, რომ ხშირად ვემუშავებინე და ისინიც აქტიურს მამყოფებდნენ. ახლა ჩემპიონი არ ვარ და მეტოქეს უნდა ველოდო. ამიტომ ვჩქარობდი ყოველთვის, როცა ხშირად ჩხუბის შანსი მქონდა, თუმცა ახლა, სამწუხაროდ, მასზე ვარ დამოკიდებული