კონორ მაკგრეგორი მაქს ჰოლოუეისთან დაბრუნების წინ საშინელი ტრავმების შემდეგ ყველაზე ცუდი სცენარებისთვის მზად არის.
ორი წონითი კატეგორიის ყოფილმა მსოფლიო ჩემპიონმა ბოლოს 2021 წლის ზაფხულში, UFC 264-ზე იჩხუბა. იმ საღამოს კონორისთვის ყველა მებრძოლის უდიდესი კოშმარი რეალობად იქცა - მან დასტინ პორიესთან ტრილოგიის პირველივე რაუნდში ფეხი მოიტეხა. ამან მაკგრეგორს არა მხოლოდ კონკრეტული ბრძოლა და სერია წააგებინა, არამედ საფრთხე შეუქმნა მის კარიერასაც.
ახლა ის ემზადება რევანშისთვის მაქს ჰოლოუეისთან, რომელიც UFC 329-ის მთავარი მოვლენა გახდება. ბრძოლა ლას ვეგასში, საერთაშორისო ბრძოლების კვირეულზე, 11 ივლისს გაიმართება. საინტერესოა, რომ კონორმა მსგავსი მძიმე ტრავმა - ჯვარედინი იოგების გაწყვეტა, მათ პირველ შეხვედრაშიც მიიღო 2013 წელს, რამაც მაშინ ოპერაცია და მისი ხანგრძლივი უქმობა გამოიწვია.
დიდი პაუზის შემდეგ, კონორ მაკგრეგორი სავარჯიშო პროცესს სამი წლის წინ დაუბრუნდა. მას რამდენიმე საწვრთნელი ბანაკი ჰქონდა და 2024 წლის ივნისში მაიკლ ჩენდლერთან ბრძოლაც კი ჩაენიშნა, თუმცა ფეხის თითის მოტეხილობის გამო ჩხუბიდან ჩხსნა მოუწია.
ახლა კი ის ნამდვილად მზად ჩანს დასაბრუნებლად. ირლანდიელმა აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ყოფილ სპეცრაზმელთან , რობ ო'ნილთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა იმის შესახებ, თუ რამდენად სერიოზულად არის განწყობილი:
ახლა, როდესაც ამ სპორტში ბევრად მეტი გამოცდილება დავაგროვე, რეალურად ყველაზე ცუდი სცენარიდან ვიწყებ ფიქრს და უკან ვბრუნდები სრულყოფილ ვარიანტამდე. იდეალური სცენარი ყველამ იცის: ძლიერი დარტყმით თენთავ მეტოქეს, დარბაზი გიჟდება.
რა ხდება, როდესაც ყველაზე ცუდი სცენარი ვითარდება? მაგალითად, პირველი რაუნდის შუაში მხარი ან მუხლი ამომივარდა? როგორია ჩემი მოძრაობები და რეაქციები? ვცვლი დგომას თუ პარტერში გადავდივარ? მე მაქვს პასუხების მთელი არჩევანი ყველაზე ცუდი სცენარებისთვის. არა იმიტომ, რომ ვზივარ და ამაზე ვდარდობ ან ზედმეტად ბევრს ვფიქრობ, არამედ უბრალოდ წინასწარ ვიცი ისინი.