ნოტინგემ ფორესტის თავდამსხმელი, კრის ვუდი აღიარებს, რომ მუხლის ტრავმის მართვა მას კარიერის დასრულების შემდეგაც დასჭირდება. 34 წლის ახალზელანდიელი ფორვარდი მოედანს ექვსთვიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა.
ვუდმა გასულ კვირას, პორტუსთან ევროპა ლიგის მეოთხედფინალის პირველ მატჩში (1:1) მიიღო მონაწილეობა, რაც მისი პირველი თამაში იყო ოქტომბრის შემდეგ. დეკემბერში მას მუხლზე ოპერაცია ჩაუტარდა და ახლა აცნობიერებს, რომ დაზიანება სრულად არასდროს მორჩება.
„ეს ისეთი ტრავმაა, რომლის მართვაც მთელი კარიერის მანძილზე მომიწევს, ისევე როგორც ფეხბურთის შემდეგ, იქნება ეს ბავშვებთან თამაში, გოლფი თუ სხვა რამ. ფსიქოლოგიურად ეს რთული მისაღებია, რადგან არასდროს იცი, როგორ დაბრუნდები მოედანზე, თუმცა მჯეროდა, რომ ამას შევძლებდი“, - აღნიშნა ვუდმა.
ნოტინგემ ფორესტი ხუთშაბათს პორტუს საპასუხო მატჩში უმასპინძლებს. გამარჯვების შემთხვევაში, გუნდი ნახევარფინალში ასტონ ვილასა და ბოლონიას შორის მოგებულს დაუპირისპირდება. გარდა საკლუბო მიზნებისა, ვუდი ზაფხულში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრასაც გეგმავს, სადაც ახალი ზელანდია ირანის, ეგვიპტისა და ბელგიის წინააღმდეგ ითამაშებს.
ნოტინგემ ფორესტის მწვრთნელმა, ვიტორ პერეირამ ასევე აღნიშნა, რომ პორტუსთან მატჩის წინ გუნდს შესაძლოა ელიოტ ანდერსონი დააკლდეს, რომელმაც ოთხშაბათს ვარჯიში პირადი პრობლემების გამო გამოტოვა.