მანჩესტერში გატარებული სამწლიანი პერიოდის შემდეგ, სადაც კრისტიან ერიქსენმა ლიგის თასისა და ასოციაციის თასის მოგება მოასწრო, დანიელი ნახევარმცველი თავისუფალი აგენტის სტატუსით გერმანულ ვოლფსბურგს შეუერთდა.
რუბენ ამორიმმა და ინეოსის (INEOS) ხელმძღვანელობამ ჩათვალეს, რომ ასაკის გამო ერიქსენს პრემიერ ლიგის ტემპისა და ფიზიკური ორთაბრძოლების გაძლება გაუჭირდებოდა, რის გამოც მასთან დამშვიდობება გადაწყვიტეს.
34 წლის დანიელმა გერმანიაში კარგი სადებიუტო სეზონი ჩაატარა - 3 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა, თუმცა მისმა ძალისხმევამ კლუბი მეორე ბუნდესლიგაში გავარდნას ვერ გადაარჩინა.
გერმანული გამოცემა ბილდის ინფორმაციით, ფოლკსვაგენ არენაზე მოთამაშეთა კონტრაქტების უმეტესობა გუნდის გავარდნის შემთხვევაში ხელფასების 35%-იან შემცირებას ითვალისწინებს. ბუნებრივია, ამ პირობას ბევრი ვარსკვლავი არ დათანხმდება და მათ შორის ერთ-ერთი სწორედ ერიქსენია. მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა მის კარიერას უკვე წერტილი დაუსვა, გამოჩნდა კლუბი, რომელიც მზად არის ვეტერანი ნახევარმცველი სახლში დააბრუნოს.
ერიქსენის გადაბირებით აიაქსია დაინტერესებული - გუნდი, სადაც დანიელმა ტოტენჰემში გადასვლამდე ოთხი შესანიშნავი წელი გაატარა. გერმანული მედია წერს:
ვოლფსბურგი შემადგენლობის წმენდას იწყებს. მეორე დივიზიონში გავარდნის შემდეგ კლუბს გუნდის ხელახლა აშენება მოუწევს. მიუხედავად იმისა, რომ ვარსკვლავებს კონტრაქტები ქვედა ლიგაშიც ავალდებულებთ დარჩენას, ძალიან ცოტა თუ დათანხმდება კარიერაში უკან გადადგმულ ნაბიჯს და ხელფასის 35%-ით შემცირებას.
ფეხბურთელების გადინება უკვე დაიწყო. კონსტანტინოს კულიერაკისი, იოაკიმ მელე, პატრიკ ვიმერი და კრისტიან ერიქსენი (რომელთაც კონტრაქტები 2027 წლამდე აქვთ) გუნდს სავარაუდოდ დატოვებენ. ამ უკანასკნელით კი ამსტერდამის აიაქსია დაინტერესებული.
იმის ფონზე, რომ დანიის ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ მოხვდა, ვეტერან ნახევარმცველზე ტრანსფერის სასწრაფოდ დახურვის თვალსაზრისით ზედმეტი წნეხი არ არის. დანიური კლუბებიც ინტერესით აკვირდებიან მოვლენებს და ძალიან საინტერესო იქნება, თუ სად ამოყოფს თავს კრისტიან ერიქსენი საზაფხულო სატრანსფერო ფანჯრის გახსნის შემდეგ.