მადრიდის რეალს ორ საკვანძო პოზიციაზე სერიოზული გადახალისება სჭირდება. ახალ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს, ნახევარდაცვის გასაკონტროლებლად ბევრად უკეთესი რესურსი დასჭირდება, დაცვის გასაძლიერებლად კი სულ მცირე, სამი ახალი ფეხბურთელი.
მადრიდელთა დაცვის ხაზი ბოლო რამდენიმე სეზონია ტოპ გუნდებთან მატჩებში აშკარად მოიკოჭლებს, რაზეც თავის დროზე კარლო ანჩელოტიც ხშირად მიანიშნებდა.
ლივერპულის ვარსკვლავი იბრაჰიმა კონატე მიმდინარე რთული სეზონის შემდეგ ოფიციალურად თავისუფალი აგენტი ხდება. მერსისაიდელებმა ჩემპიონთა ლიგის საგზური გაჭირვებით მოიპოვეს, 27 წლის ფრანგი მცველი კი დიდი ხანია რეალის ინტერესის სფეროშია. შეგახსენებთ, რომ გასულ ზაფხულს მადრიდელებმა ლივერპულიდან უკვე წაიყვანეს ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი.
მოლაპარაკებები ჩაიშალა- კონატე ლივერპულიდან მიდის
მიუხედავად იმისა, რომ კონატე არნოლდივით ვარსკვლავური სახელი არ არის, თავის საუკეთესო ფორმაში მას მადრიდელთა დაცვის სრულად შეცვლა შეუძლია. გასულ სეზონში ის იდეალურისგან შორს იყო, რის გამოც ბევრმა ჩათვალა, რომ რეალმა ინტერესი სწორედ ამის გამო დაკარგა.
ფაბრიციო რომანო სულ სხვა მიზეზს ასახელებს. მისი თქმით, მადრიდელებმა კონატესთან მოლაპარაკებები შობის პერიოდში მხოლოდ და მხოლოდ ლივერპულისადმი პატივისცემის გამო შეაჩერეს, ახლა კი შესაძლოა ბრძოლაში ხელახლა ჩაერთონ.
როგორც ირკვევა, რეალში დაინახეს, რომ ლივერპული ფეხბურთელთან ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე აქტიურად მუშაობდა და კლუბს ისედაც რთული პერიოდი ჰქონდა. იმისათვის, რომ მერსისაიდელებთან ურთიერთობა არ გაეფუჭებინათ (რადგან მომავალშიც გეგმავენ იქიდან ფეხბურთელების ყიდვას) და მოთამაშის მოტაცებაში არ დაედანაშაულებინათ, მადრიდელები გვერდზე გადგნენ. ისინი ფიქრობდნენ, რომ თუ ლივერპული კონატესთან შეთანხმებას ამდენ ხანს ვერ აღწევდა, ტრანსფერი ადრე თუ გვიან მაინც ჩაიშლებოდა.
ეს პროგნოზი გამართლდა და კონატე ამ ზაფხულს სრულიად უფასოდ არის ხელმისაწვდომი. რეალი მას რადარებიდან არ კარგავს, თუმცა ესპანური მედიის ცნობით, სამეფო კლუბი მას მხოლოდ იმ შემთხვევაში გააფორმებს, თუ ფინანსური პირობები მათთვის იდეალური იქნება.