სატრანსფერო ფანჯარა ძალას იკრებს და 2026 წლის ზაფხულის პირველი ხმაურიანი გარიგებაც შედგა.
ენტონი გორდონი ნიუკასლიდან ბარსელონაში გადავიდა. კატალონიურმა გრანდმა ინგლისელ შემტევში 80 მილიონი ევრო (69 მილიონი გირვანქა) გადაიხადა, რამაც საფეხბურთო სამყაროში დიდი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. GOAL-მა ეს ტრანსფერი სამივე მხარისთვის შეაფასა.
ნიუკასლი: ჭკვიანური ნაბიჯი და ფინანსური მოგება
ნიუკასლმა ისწავლა გაკვეთილი ალექსანდრ ისაკის საგისგან, რომელიც შარშან ლივერპულში სკანდალით გაუშვეს. კლუბმა ამჯერად დრო არ დაკარგა, უკმაყოფილო ფეხბურთელი სწრაფად გაყიდა და ფანტასტიკური თანხაც მიიღო. გორდონი ნიჭიერი და შრომისმოყვარე მოთამაშეა, მაგრამ ის არასდროს ყოფილა 80 მილიონის ღირებულების ვარსკვლავი.
ნიუკასლისთვის მთავარი გამოწვევა ახლა ამ ფულის სწორად ინვესტირებაა, რადგან გუნდი ჩემპიონთა ლიგის მიღმაა, პრემიერ ლიგაში მე-12 ადგილზე გავიდა და საუდის არაბელი მფლობელებიც კლუბის მიმართ ინტერესს ნელ-ნელა კარგავენ.
ბარსელონა: ფულის უაზრო ფლანგვა თუ საჭირო შენაძენი?
კატალონიელებმა ფინანსური პრობლემები ძლივს მოაგვარეს და პირველივე შესაძლებლობისთანავე გორდონში კოლოსალური თანხა გადაყარეს. ჰანსი ფლიკს სჭირდებოდა პრესინგის მოყვარული ვინგერი, რომელიც მარკუს რეშფორდისგან განსხვავებით დაცვასაც ეხმარება, თუმცა ბარსელონამ აშკარად ზედმეტი გადაიხადა.
გორდონმა ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონში 10 გოლი კი გაიტანა, მაგრამ აქედან 6 ყარაბაღისა და იუნიონ სენტ-ჟილუას კარში შეაგდო, თანაც ნახევარი პენალტით. პრემიერ ლიგის ბოლო 60 მატჩში გატანილი 12 გოლი ბევრად უკეთ აჩვენებს მის რეალურ პროდუქტიულობას. ბაზარზე ბევრად უკეთესი ვარიანტებიც არსებობდა, რაც მიანიშნებს, რომ ბარსელონაში ისევ გაჩნდა დიდი ფული, მაგრამ არა ჭკუა.
ენტონი გორდონი: ოცნების ასრულება
პრემიერ ლიგაში ბოლო ორი წლის განმავლობაში არასტაბილური თამაშის მიუხედავად, 25 წლის გორდონმა მიაღწია იმას, რაც დიდი ხანია სურდა - გრანდში გადავიდა. ბაიერნმა მის ყიდვაზე ფასის გამო უარი თქვა, ბარსელონამ კი გარისკა.
გორდონი კამპ ნოუზე უდიდესი წნეხის ქვეშ იქნება, რადგან მისგან სასტარტო შემადგენლობის წევრობას ითხოვენ. რეშფორდს სადებიუტო სეზონში 28 საგოლე მოქმედება ჰქონდა, თუმცა ახლა გუნდისთვის ზედმეტია. მიუხედავად რისკებისა, გორდონს ალბათ საკუთარი იღბლის არ სჯერა - ის ენტონი ელანგასთან თამაშიდან ლამინ იამალის გვერდით გადაინაცვლებს.