ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე სულ რამდენიმე საათი რჩება. საფეხბურთო ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ ამ დიდ მატჩში უმცირეს დეტალებსაც კი გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება.
თუ პარი სენ-ჟერმენი აქცენტს ბურთის ფლობასა და ტერიტორიულ უპირატესობაზე გააკეთებს, ლონდონის არსენალის მთავარი იარაღი მოედანზე უბურთოდ თამაში და, რაც მთავარია, სტანდარტული სიტუაციები იქნება.
მიკელ არტეტას გუნდი მიმდინარე სეზონში საჯარიმოებისა და კუთხურების გათამაშებით ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში. მონაცემები აჩვენებს, რომ აპრილის შემდეგ ლონდონელები განსაკუთრებით სახიფათოები მარჯვენა ფლანგიდან მოწოდებული კუთხურების დროს გახდნენ, სადაც ბუკაიო საკა და ნონი მადუეკე აქტიურობენ. ისინი ბურთს ძირითადად მეკარის მოედანსა და თერთმეტმეტრიანის ნიშნულს შორის აწვდიან, ხშირად კი მოკლე გათამაშებებსაც იყენებენ, რაც მეტოქის დაცვაში ქაოსს იწვევს.

სწორედ აქ იკვეთება ლუის ენრიკეს გუნდის მთავარი პრობლემა: ბოლო კვირებში პარიზელებმა საკუთარ საჯარიმოში, განსაკუთრებით კი ცენტრალურ ზონაში, სისუსტეები გამოავლინეს. პსჟ-მ ბოლო მატჩებში კუთხურების დროს საკმაოდ ბევრი დარტყმა დაუშვა საკუთარი კარის მიმართულებით. ტაქტიკური ანალიზი აჩვენებს, რომ საფრანგეთის ჩემპიონების ეს მცირე ჩავარდნა იდეალურად ემთხვევა არსენალის საყვარელ შემტევ ზონებს.
მიუხედავად იმისა, რომ პსჟ მთელი სეზონის განმავლობაში დაცვაში სტაბილურად გამოიყურებოდა, ფინალში, სადაც მომენტები ძალზედ მცირე იქნება, არსენალის სტანდარტულები შესაძლოა ტიტულის ბედის გადამწყვეტი ფაქტორი გახდეს.