ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ ბუდაპეშტში ემოციები პიკს აღწევს, თუმცა პარი სენ-ჟერმენის მთავარი მწვრთნელი, ლუის ენრიკე, პრესკონფერენციებზე ჩვეულ ამპლუაშია - პოზიტიური, იუმორით სავსე და მეტოქის მიმართ უდიდესი პატივისცემით განმსჭვალული.
ესპანელმა სპეციალისტმა არსენალის დამრიგებელ მიკელ არტეტასთან არსებულ მეგობრობაზე ისაუბრა და მას ხუმრობით „რჩევაც“ კი მისცა:
რადგან არტეტა ასეთი ახალგაზრდაა, მე მას ვეტყოდი: 'დამშვიდდი, არსად გეჩქარება. მომეცი საშუალება, ეს ფინალი მე მოვიგო.' ბოლოს და ბოლოს, მე უკვე ბებერი კაცი ვარ, მას კი წინ კიდევ უამრავი წელი აქვს ტიტულების მოსაგებად.
ენრიკემ მალევე სერიოზული ტონი მოირგო და მეგობრის მისამართით თბილი სიტყვები არ დაიშურა:
ხუმრობა იქით იყოს და, თუ ამ თასს მე ვერ მოვიგებ, ძალიან გამიხარდება, რომ ის ჩემმა მეგობარმა და ასეთმა კარგმა პიროვნებამ აღმართოს.
ამ ორ ესპანელ სპეციალისტს შორის შესანიშნავი ურთიერთობაა, თუმცა დღეს, პუშკაშ არენაზე, მეგობრობა 90 წუთით (ან მეტით) გვერდზე გადაიდება. პსჟ ზედიზედ მეორე ევროპული ტიტულისთვის იბრძვის, არტეტას არსენალი კი კლუბის ისტორიაში პირველი ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად.