დღეს ბუდაპეშტში ჩემპიონთა ლიგის ისტორიული ფინალი გაიმართება, სადაც ლონდონის არსენალი მოქმედ ჩემპიონს, პარი სენ-ჟერმენს დაუპირისპირდება.
უეფამ დაადასტურა, რომ სეზონის უმთავრეს მატჩს გერმანელი არბიტრი, 42 წლის დანიელ ზიბერტი გაუძღვება. მის ასისტენტებად იან ზაიდელი და რაფაელ ფოლტინი იმუშავებენ, ხოლო მეოთხე მსაჯი შვეიცარიელი სანდრო შერერი იქნება. ვიდეორეფერის (VAR) ოთახს კი გერმანული დუეტი - ბასტიან დანკერტი და რობერტ შრედერი უხელმძღვანელებენ.
არსენალისთვის ეს ტურნირის ისტორიაში მხოლოდ მეორე ფინალია. პირველი ზუსტად 20 წლის წინ, ბარსელონასთან დრამატულ ბრძოლაში წააგეს, სადაც მეკარე იენს ლემანის გაძევებამ და გვიან გაშვებულმა გოლებმა ლონდონელებს თასი ხელიდან გამოსტაცა.
დღევანდელ მატჩში ზიბერტის დანიშვნა ინგლისელებისთვის შესაძლოა კარგის ნიშანი იყოს: არსენალმა გერმანელი მსაჯის ხელში ჩატარებული სამივე შეხვედრა მოიგო, მათ შორის მიმდინარე სეზონში მადრიდის ატლეტიკოსთან ნახევარფინალი და ლისაბონში გამართული მეოთხედფინალი.
მეორე მხრივ, არც პარიზელებს აქვთ ცუდი სტატისტიკა - ზიბერტის მსაჯობით გამართული ოთხი მატჩიდან მათ სამი მოიგეს, თუმცა მიმდინარე გათამაშების ლიგის ფაზაში ბილბაოს ატლეტიკთან უგოლო ფრეს დასჯერდნენ.