ლონდონის არსენალი პრემიერლიგის საჩემპიონო თასს, და შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგის ტიტულსაც, კვირას, 31 მაისს, ისლინგტონის ქუჩებში საზეიმო აღლუმით გამოიტანს.
მიკელ არტეტას გუნდმა ნატვრილი ტიტული 22-წლიანი პაუზის შემდეგ მოიპოვა, შაბათს კი პარი სენ-ჟერმენის წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ისტორიული დუბლის შესრულებას შეეცდება.
ფინალის შედეგის მიუხედავად, საჩემპიონო ავტობუსი ჩრდილოეთ ლონდონში მაინც ჩამოივლის. აღლუმი თბილისის დროით 17:00 საათზე (ადგილობრივი დროით 14:00-ზე) დაიწყება და მასში კლუბის მამაკაცთა და ქალთა გუნდები ერთად მიიღებენ მონაწილეობას. ქალთა გუნდმა მიმდინარე სეზონში მსოფლიო ჩემპიონთა თასი უკვე მოიგო.
მარშრუტი ჰოლოუეი როუდიდან დაიწყება, გაივლის სევენ სისტერს როუდს, ბლექტოკ როუდს, გრინ ლეინსსა და ესექს როუდს. ამის შემდეგ ავტობუსი „ნჯელის მეტროსადგურთან ჩრდილოეთისკენ, აპერ სტრიტის მიმართულებით შებრუნდება, ჰაიბერი და ისლინგტონის სადგურის გავლით კი კვლავ ჰოლოუეი როუდს დაუბრუნდება.
კლუბი გულშემატკივრებს მოუწოდებს, თავი არ მოიყარონ უშუალოდ ემირეიტს სტადიონისა და დრეიტონ პარკის მიმდებარედ, რადგან უსაფრთხოების გამო ეს ზონები სრულად ჩაიკეტება და იქიდან ავტობუსების დანახვა შეუძლებელი იქნება. აღლუმის დასრულებისთანავე, ფეხბურთელების უმრავლესობა 11 ივნისს დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატისთვის თავის ეროვნულ ნაკრებებს შეუერთდება.