2025/26 წლების საკლუბო სეზონი დღეს, 30 მაისს, ჩემპიონთა ლიგის ფინალით დაიხურება.
უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი სეზონის მთავარ მატჩს უმასპინძლებს, რომელშიც პარი სენ-ჟერმენი და არსენალი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
პარიზული კლუბი ისტორიაში მესამედ და ზედიზედ მეორედ ითამაშებს ჩემპიონთა ლიგის ფინალს, არსენალისთვის კი ეს თასის მოგების მეორე მცდელობაა ისტორიაში - გუნდმა ზუსტად 20 წლის წინ, 2006 წელს ფინალური მატჩი ბარსელონასთან დათმო (1:2) და თავის მომდევნო შანსს ორი დეკადა ელოდა.
ჩემპიონთა ლიგის მოგება აპრიორი ისტორიის დაწერაა, მაგრამ ამ ორი კლუბისთვის - განსაკუთრებით, იმიტომ რომ ისინი განსხვავებული და ამავდროულად დიდი მიზნებისთვის იბრძვიან. ერთის მხრივ, პსჟ-ს შეუძლია გახდეს რეალის შემდეგ პირველი და ერთადერთი კლუბი, რომელიც ჩემპიონთა ლიგას (რაც 1992 წელს ასე დაერქვა) ზედიზედ მინიმუმ ორჯერ მოიგებს, არსენალს კი, როგორც ზემოთ გითხარით, ეს თასი მუზეუმში ჯერ საერთოდ არ უდევს და ყოველი ახალი ჩემპიონი ტურნირისთვის ახალი ფურცლის ტოლფასია.

ისტორიულ სვლაზეა ხვიჩა კვარაცხელიაც, რომელმაც ამ პლეი-ოფში 10 გოლი და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა, ყველა ეტაპზე შეძლო თავის საგოლე ქმედებით გამოჩენა და პსჟ-ს შედეგიანობის რეკორდიც დაამხო ჩემპიონთა ლიგაზე.
თუ შარშანდელი ჩემპიონთა ლიგა უფრო დემბელეს ინდივიდუალური პერფომანსებით გამოირჩეოდა, წელს პარიზელებს ტიტულისაკენ პირადად ქართველი სუპერვარსკვლავი მიაქანებს და ფინალში დიდი განაცხადი იქნება ოქროს ბურთის შესაძლო მოგებაზე. რა ცუდია, რომ მსოფლიო ჩემპიონატის წელია, არა?
არსენალი კლუბის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო სეზონს ატარებს, თუ სულაც საუკეთესოს არა - გუნდმა 22-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად შეძლო პრემიერ ლიგის ოქროს მედლების მოპოვება და ჩემპიონთა ლიგის ფინალსაც ამაღლებულ განწყობაზე ხვდება.
საინტერესოა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორი დედაქალაქური კლუბი ერთმანეთს 1971 წლის შემდეგ პირველად დაუპირისპირდება, მაშინ თასი აიაქსმა და პანათინაიკოსმა გაითამაშეს. ანუ, რაც ტურნირს სახელი გადაერქვა და თასის ნაცვლად ჩემპიონთა ლიგა დაერქვა, ასეთი რაღაც ამ სეზონამდე ერთხელაც არ მომხდარა. ისე კი, მთლიანი ისტორიის ჩათვლით, ასეთი რამ მეოთხედ ხდება 1962 (ბენფიკა - რეალი), 1966 (რეალი - პარტიზანი) და 1971 (აიაქსი - პანათიკაიკოსი) წლების შემდეგ.
თავის მხრივ, ყველაფერი კარგად აქვს შიდა ასპარეზზე პსჟ-საც, რომელმაც ლიგა 1-ის მორიგი ტიტული გაინაღდა.
ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პსჟ და არსენალი ერთმანეთს მეექვსედ დაუპირისპირდებიან - აქამდე გამართულ 5 მატჩში პარიზელებმა 2 მოიგეს, 2 ფრედ დასრულდა, ერთხელ კი წარმატებას არსენალმა მიაღწია. პარიზელთა ორივე გამარჯვება შარშანდელ 1/2 ფინალურ მატჩებზე მოდის, არსენალმა კი თავისი ერთადერთი გამარჯვება წინა სეზონის ლიგის ფაზაში მოიპოვა (2:0).

სავარაუდო შემადგენლობები (uefa.com)
პსჟ: საფონოვი, ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში, ზაირ-ემერი, ვიტინია, ნევეში, დუე, დემბელე, კვარაცხელია
არსენალი: რაია, ტიმბერი, სალიბა, გაბრიელი, კალაფიორი, რაისი, ლუის-სკელი, ოდეგორი, საკა, გიოკერეში, ტროსარი.