არსენალის ლეგენდამ, პოლ მერსონმა, პარი სენ-ჟერმენის ორი მთავარი ვარსკვლავი დაასახელა, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის ფინალში ლონდონელებისთვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენენ. მისი თქმით, ამ დუეტის შეჩერება მიკელ არტეტას გუნდისთვის ჩემპიონობისკენ მიმავალ გზაზე მთავარი გამოცდა იქნება.
შაბათს, 30 მაისს, ბუდაპეშტის პუშკაშ არენაზე პსჟ ევროპული ტიტულის შესანარჩუნებლად იბრძოლებს, არსენალი კი თავის ისტორიაში პირველი ჩემპიონთა ლიგის თასისთვის.
პოლ მერსონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არსენალის მცველებს მოსვენება არ ექნებათ პსჟ-ს ვინგერებისგან, კერძოდ კი ხვიჩა კვარაცხელიასა და დეზირე დუესგან:
მთავარი პრობლემა, რომლის წინაშეც არსენალი აღმოჩნდება, პსჟ-ს ფლანგებიდან წამოსული საფრთხეა. ხვიჩა კვარაცხელია და დეზირე დუე დაუნდობლები არიან და ამოსუნთქვის საშუალებას არ გაძლევენ! ეს ორი ფეხბურთელი ბურთს იღებს თუ არა, მაშინვე შენკენ მოდის და მუდმივად წნეხში გამყოფებს.
ორივე შემტევი ლუის ენრიკეს ტაქტიკაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს, თუმცა ქართველი ვარსკვლავის სტატისტიკა მიმდინარე გათამაშებაში უბრალოდ ფანტასტიკურია.
ხვიჩა კვარაცხელია მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე 10 გოლითა და 6 საგოლე გადაცემით ტურნირის საუკეთესო მოთამაშეა გოლ + ასისტის სისტემით. ხვიჩამ პლეი-ოფში ნამდვილი შოუები დადგა. მან მერვედფინალში ჩელსი გაანადგურა (ორი მატჩის ჯამში 8:2), მეოთხედფინალში კი ლივერპულის დაცვა გააწამა.
დეზირე დუემ, 20 წლის ფრანგმა ტალანტმა, რომელმაც შარშანდელ ფინალში ინტერის წინააღმდეგ დუბლი შეასრულა, წელს 12 მატჩში 5 გოლი და 4 ასისტი მიითვალა.
მიუხედავად ამისა, არსენალი ბუდაპეშტში თავდაჯერებული მიემგზავრება. არტეტას გუნდს ტურნირზე საუკეთესო დაცვა ჰყავს. ფინალამდე მათ მხოლოდ 6 გოლი გაუშვეს. ხვიჩასა და დუეს წინააღმდეგ თამაში კი ამ დაცვისთვის სეზონის უმთავრესი გამოცდა იქნება.