უსმან დემბელემ ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და დაადასტურა, რომ მატჩისთვის სრულ მზადყოფნაშია.
პარი სენ-ჟერმენის ფრანგმა თავდამსხმელმა, რომელიც სეზონის განმავლობაში წვივის ტრავმით იტანჯებოდა, განაცხადა, რომ ლონდონის არსენალთან შეხვედრას გამოჯანმრთელებული ხვდება და მოედანზე გასასვლელად 100%-ით მზადაა.
„ფინალის გამოტოვების არასდროს მეშინოდა. მოსამზადებლად 10-15 დღე მქონდა. ამ სეზონში ბევრი დასვენების დრო არ გვქონია, ამიტომ სამწვრთნელო შტაბმა ძალების გადანაწილება შესანიშნავად მართა. თავს კარგად ვგრძნობ და მთელი გუნდიც ბრძოლისთვის განწყობილია.“ - აღნიშნა ფეხბურთელმა, რომელიც პრესკონფერენციის დასრულებისთანავე გუნდს პუშკაშ არენაზე გამართულ ღია ვარჯიშზე შეუერთდა.
დემბელემ პრემიერლიგის ჩემპიონი შეაქო და აღნიშნა, რომ ლონდონელები კარგ ფეხბურთს თამაშობენ, ძლიერები არიან როგორც შეტევაში, ისე დაცვაში და განსაკუთრებით სახიფათოები სტანდარტული სიტუაციების დროს ჩანან. ოქროს ბურთის მოქმედმა მფლობელმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ინდივიდუალური აღიარების შემდეგ მოტივაცია არ დაუკარგავს:
„ოქროს ბურთის მოგებას ჩემი ხასიათი ან სათამაშო სტილი არ შეუცვლია. ვიცი, რომ პარი სენ-ჟერმენში მეტი პასუხისმგებლობა მაკისრია და ვცდილობ, კარგად ვითამაშო ყველა მატჩში. ამ ჯილდოს არ შეუცვლია ჩემი სურვილი და შიმშილი, რომ ამ კლუბთან ერთად ტიტულები მოვიგო. მხოლოდ ამაზე ვფიქრობ. ვიცი, ხალხი ბევრს ლაპარაკობს ინდივიდუალურ პრიზებზე, მაგრამ ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანია.“