1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
იბერია - ლარნე
სამშაბათს, 11 აგვისტოს, 20:00-ზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ქართული საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მატჩი გაიმართება - იბერია 1999 ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩრდილოირლანდიური ლარნეს დაუპირისპირდება და სასურველი შედეგის მიღწევის შემთხვევაში კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზურს გაინაღდებს - ლარნეში გამართული მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა.
გამარჯვების შემთხვევაში თბილისური კლუბი ევროპა ლიგის პლეი-ოფში იაგელონიასა და გლაზგოს რეინჯერსს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ ევროტურნირების ფინალურ ეტაპზე ბოლოს ქართულმა კლუბმა 2004 წელს იასპარეზა - 22 წლის წინ ევროპა ლიგაზე დინამო თბილისმა ითამაშა. თბილისში გასამართი მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას სილქ უნივერსალი შემოგთავაზებთ - ბილეთების შეძენას tkt.ge-ზე შეძლებთ.
პსჟ - ასტონ ვილა
ოთხშაბათს, 12 აგვისტოს, ზალსბურგში, რედ ბულ არენაზე უეფას სუპერ თასის ეგიდით გამართულ მატჩში ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული პსჟ და ევროპა ლიგის ტრიუმფატორი ასტონ ვილა დაუპირისპირდებიან - ფინალური მატჩი სტარტს 23:00-ზე აიღებს.
ლუის ენრიკეს გუნდი მატჩს უდანაკარგოდ ხვდება, ხოლო, რაც შეეხება უნაი ემერის შემადგენლობას, ბირმინგემელებს ჯოშ ფენი, იოჰან მანზამბი, ჯონ მაგგინი, ამადუ ონანა და ლინო სოუზა აკლიათ.
პრესეზონზე ლუის ენრიკეს გუნდმა ორი ამხანაგური მატჩი გამართა, პირველ შეხვედრაში პსჟ მალიორკასთან 3:0 განადგურდა, მეორე მატჩში კი მანჩესტერ იუნაიტედთან ფრედ 1:1 ითამაშა. ასტონ ვილამ სეზონის დასრულების შემდეგ 6 არაოფიციალური მატჩის გამართვა მოასწრო, რომელთაგან სამში დამარცხდა, ხოლო სამი მოიგო.
ფრანგული გრანდი უეფას სუპერ თასის გათამაშებაში მონაწილეობას მესამედ მიიღებს - პირველად პსჟ-მ ფინალში 1997 წელს, თასების მფლობელთა თასის გამარჯვებულის სტატუსით ითამაშა და ტურინის იუვენტუსთან ორი მატჩის ჯამში 9:2 განადგურდა. პარიზული კლუბის მეორე ასპარეზობა შარშან იყო - ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულებმა ტოტენჰემი პენალტების სერიაში დაამარცხეს. ბირმინგემული კლუბისთვის ეს ამ ტურნირზე სადებიუტო გამოსვლაა.
საქართველო - სამხრეთ აფრიკა; საქართველო - ირლანდია.
18-წლამდელი ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერიაში ასპარეზობას აგრძელებენ - გიორგი ნემსაძის შეგირდები პირველ ტურში ინგლისთან 66:33 დამარცხდნენ. ქართველებიდან ლელოები ალექსანდრე გამყრელიძემ, გიორგი ხონელიძემ, მათე ბერუაშვილმა და საბა გოგრიჭიძემ დადეს.
სერიაში ექვსი გუნდი იღებს მონაწილეობას: სამხრეთ აფრიკა ორი გუნდით, ირლანდია, საფრანგეთი, ინგლისი და საქართველო. გიორგი ნემსაძის შეგირდები მეორე მატჩში 11 აგვისტოს 13:30 საათზე სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდებიან, ხოლო 15 აგვისტოს 15:30 საათზე ირლანდიას შეერკინებიან.
შტურმი - ფენერბაჰჩე
ოთარ კიტეიშვილისა და გიზო მამაგეიშვილის შტურმი ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში ფენერბაჰჩეს დაუპირისპირდება. სტამბოლში გამართული პირველი მატჩი თურქული კლუბის გამარჯვებით 2:0 დასრულდა. ავსტრიული გუნდის ქართველი კაპიტანი კლუბს ბოლო მატჩებში ტრავმის გამო ვერ დაეხმარა - საეჭვოა მისი თამაში განმეორებით მატჩში. რაც შეეხება მამაგეიშვილს, მან ფენერთან 26 წუთი ითამაშა. გრაცში გასამართი დაპირისპირება სამშაბათს, 11 აგვისტოს, 22:30-ზე გაიმართება.
კარგად დაიწყო ბუნდესლიგა 2 ბუდუ ზივზივაძისთვის. ქართველი ფორვარდის გუნდმა პირველ ტურში ოსნაბრუკი 4:3 დაამარცხა - მატჩში ანგარიში ბუდუ ზივზივაძემ გახსნა. მეორე ტურში ჰაიდენჰაიმი ჰერტას ეწვევა - მატჩი შაბათს, 15 აგვისტოს, 15:00-ზე გაიმართება.
მეხუთე, ბოლო ამხანაგურ მატჩს გამართავს პრემიერ ლიგის დაწყებამდე გიორგი მამარდაშვილის ლივერპული - არეოლას შეგირდები ბოლო ორი მატჩიდან ორივეში დამარცხდნენ. უკანასკნელ ამხანაგურში ლივერპული ფილიპე ლუისის მონაკომ 3:2 დაამარცხა - ქართველი მეკარე მეორე ტაიმში ჩაერთო, სამი ბურთი მოიგერია და ორი გოლი გაუშვა. 16 აგვისტოს მერსისაიდული კლუბი კომოს დაუპირისპირდება - შეხვედრა ენფილდზე გაიმართება და 21:00-ზე დაიწყება.

ნიკოლოზ კვარაცხელია
კომენტარები