-
Aa
+
ფონტის ზომა
პსჟ-სა და ბაიერნს არაერთი შთამბეჭდავი დაპირისპირება გამოიარეს - ორივე გუნდმა მეოთხედფინალში შესაბამისად ლივერპული და მადრიდის რეალი დაამარცხა და ეს შეხვედრაც, დიდი ალბათობით, იმავე რიგს შეემატება.
ამ სეზონში ორივე კლუბს ჩემპიონთა ლიგაზე 38-38 გოლი აქვს გატანილი - ყველაზე მეტი ყველა გუნდს შორის - რაც ამ მატჩის მიმართ ინტერესს კიდევ უფრო ზრდის.
ზედიზედ მე-2 ფინალში გასასვლელად პარიზელებმა უნდა დაამარცხონ გუნდი, რომელმაც ბოლო წლებში მათ ყველაზე მეტი პრობლემა შეუქმნა - ბაიერნის 2-1 გამარჯვებამ მე-4 ტურში გერმანელებს ჩემპიონთა ლიგის მფლობელებთან ზედიზედ მე-5 მოგება მოუტანა ამ ტურნირზე.
თუმცა პარიზელებს შეუძლიათ გასული სეზონის მსგავსი სცენარი გაიხსენონ: ლუის ენრიკეს გუნდი 2024/25 სეზონის მე-2 ტურში არსენალთან 2-0 დამარცხდა, მაგრამ პლეიოფში თამაში გააუმჯობესა და ნახევარფინალში ლონდონელები საერთო ანგარიშით 3-1 დაამარცხა.
მოედანზე არაერთი საინტერესო ინდივიდუალური დაპირისპირება იქნება. მათ შორის მარკინიოსი, რომელიც ჩემპიონთა ლიგაში 120 მატჩით რობერტო კარლოსის ბრაზილიურ რეკორდს გაუთანაბრდება, ჰარი კეინს დაუპირისპირდება - ფორვარდს ამ ტურნირზე ბოლო 5 მატჩში გოლი აქვს გატანილი და ამ სეზონში უკვე კარიერული მაქსიმუმი, 12 გოლი დააფიქსირა.
მატჩს განსაკუთრებულ ფორმაში ხვდება ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში პარიზელთა საუკეთესო ბომბარდირი და ასისტენტია - 8 გოლი და 5 საგოლე გადაცემა.
სავარაუდო შემადგენლობები
პსჟ: საფონოვი; ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, ნუნუ მენდეში; ზაირ-ემერი, ვიტინია, ჟოაუ ნევეში; დუე, დემბელე, კვარაცხელია
ბაიერნი: ნოიერი; სტანიშიჩი, უპამეკანო, ტა, ლაიმერი; კიმიხი, პავლოვიჩი; ოლისე, მუსიალა, ლუის დიასი; კეინი
კომენტარები მატჩის წინ
ლუის ენრიკე: „ყველა მწვრთნელს სურს სეზონის გადამწყვეტ ეტაპს საუკეთესო პირობებში შეხვდეს. ახლა ნახევარფინალში ვართ და ყველა ფეხბურთელი მზად არის. ჩემპიონთა ლიგის მაგია მოთამაშეებს განსაკუთრებულ ენერგიას აძლევს. ყველას სურს აქ ყოფნა და მაქსიმუმის გაღება.“
,,ხვიჩა ფანტასტიკური ფეხბურთელი და ადამიანია" - ენრიკეს პრესკონფერენცია
ხვიჩა კვარაცხელია: „მახსოვს ის მატჩი [ლიგის ფაზაში მარცხი], ჩვენ მათზე კარგად არ ვითამაშეთ, თუმცა ტრავმებიც გვქონდა. მე-2 ტაიმში ვაჩვენეთ, რომ ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია და მათი დამარცხებაც, მაგრამ საჭირო გოლები ვერ გავიტანეთ.“
,,ყველას დამარცხება შეგვიძლია" - კვარაცხელიას პრესკონფერენცია
ვინსენ კომპანი: „წელს უკვე მოვიგეთ ბერნაბეუზე და პარიზშიც გავიმარჯვეთ. პსჟ კვლავ ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულია, მაგრამ თუ რომელიმე გუნდს შეუძლია ამ გამოწვევასთან გამკლავება, ეს ჩვენ ვართ. ვიცით, რამდენად ძლიერი არის პსჟ , მაგრამ ამ თამაშის მოგება გვინდა.“
დაიო უპამეკანო: „ეს ჩვენთვის დიდი მატჩია. მთლიანად საკუთარ თამაშზე ვართ კონცენტრირებული. რა თქმა უნდა, აქ მოგება გვინდა. პსჟ-ს ძლიერი მოთამაშეები და შესანიშნავი შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ ჩვენ საკუთარ თამაშზე ვართ ფოკუსირებული და გამარჯვება გვინდა.“
მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები