ხვიჩა კვარაცხელია ევროპული ფეხბურთის მთავარ სცენაზე სულ უფრო კაშკაშებს.
ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ქართველი ფეხბურთელის თამაში და სტატისტიკა ნებისმიერი ვარსკვლავისთვის შესაშურია. პსჟ-ს შემადგენლობაში ხვიჩა საკვანძო ფიგურად იქცა, რისი დასტურიც ლივერპულთან მოპოვებული გამარჯვება და მისი გადამწყვეტი გოლია.
ციფრები, რომლებიც კვარაცხელიას გავლენაზე მეტყველებს, მართლაც შთამბეჭდავია: მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე მის ანგარიშზე უკვე 8 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. ჯამში, ხვიჩამ ლუის ენრიკეს გუნდის 12 საგოლე შეტევაში მიიღო პირდაპირი მონაწილეობა.
ეს მაჩვენებლები სპეციალისტებს საინტერესო შედარებისკენ უბიძგებს. კვარაცხელიას სტატისტიკას მისივე თანაგუნდელის, ოქროს ბურთის მფლობელ უსმან დემბელეს საუკეთესო სეზონს ადარებენ. იმ წელს, როცა ფრანგმა მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი ინდივიდუალური ჯილდო მოიგო, მისი ციფრები თითქმის იდენტური იყო, ქართველი მას მხოლოდ 2 ასისტით ჩამორჩება.
ნაპოლიდან პარიზში გადასვლის შემდეგ, ხვიჩას პროგრესი აშკარაა. ის არა მხოლოდ გუნდის ლიდერი, არამედ მთელი ტურნირის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მოთამაშე გახდა. თუ კვარაცხელია ამ ტემპს შეინარჩუნებს, პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგის მოგების ძალიან რეალური შანსი ექნება.