მაქს ვერსტაპენის გარშემო სენსაციური სიახლე გავრცელდა.
ნიდერლანდელის მრავალწლიანი ინჟინერი ჯანპიერო ლამბიასე 2027 წლის ბოლოს რედ ბულს დატოვებს და მაკლარენს შეუერთდება.
De Limburger-ის ინფორმაციით, მაკლარენმა ლამბიასესთვის ბრძოლაში ასტონ მარტინსა და უილიამსს აჯობა. გავრცელებული ცნობებით, ლამბიასე მაკლარენს მრავალმილიონიან კონტრაქტზე შეუთანხმდა.
ვარაუდობენ, რომ ლამბიასეს გადაბირება შესაძლოა ცვლილებებს ნიშნავდეს მაკლარენის ხელმძღვანელობაში, რადგან გუნდის ხელმძღვანელ ანდრეა სტელას ფერარიში შესაძლო დაბრუნებას უკავშირეენ.
ეს გარიგება შეესაბამება მაკლარენის ბოლო ნაბიჯებს, რომლებიც რედ ბულიდან მაღალი დონის პერსონალის გადაბირებას უკავშირდება. ადრე გუნდს შეუერთდნენ რობ მარშალი მთავარი დიზაინერის პოზიციაზე და უილ კორტნი სპორტული დირექტორის პოზიციაზე.
ვერსტაპენისთვის ლამბიასეს დაკარგვა მნიშვნელოვანი დარტყმაა. ისინი ერთად 2016 წლის მაისიდან მუშაობენ, როცა ნიდერლანდელი მრბოლელი ტორო როსოდან რედ ბულში დაწინაურდა და ამ პარტნიორობამ მას ოთხი მსოფლიო ჩემპიონობა მოუტანა.
ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დანაკარგია რედ ბულისთვის - გასულ წელს გუნდიდან ადრიან ნიუი (ასტონ მარტინში) და ჯონათან უიტლი (აუდიში) წავიდნენ.
გუნდის მთავარი მრჩეველი ჰელმუტ მარკოც გასული წლის ბოლოს წავიდა, ხოლო გუნდის ყოფილი ხელმძღვანელი კრისტიან ჰორნერი ივლისში გაათავისუფლეს და მის ნაცვლად ლორან მეკისი დაინიშნა.
ჯანპიერო ლამბიასეს რედ ბულიდან წასვლა კიდევ უფრო ამძაფრებს მაქს ვერსტაპენის გარშემო არსებულ ცნობებს იმის შესახებ, რომ ნიდერლანდელი მალე ფორმულა 1-ის კარიერას დაასრულებს, რაც მის მიერ ახალი რეგულაციების უკმაყოფილებით არის გამოწვეული.