NBA-ს 2025-26 წლების სეზონი იწყება.
სეზონის გახსნით დღეს ორი ძალიან საინტერესო მატჩი გაიმართება.
ახალ რეგულარული სეზონი მოქმედი ჩემპიონების თამაშით აიღებს სტარტს. ოკლაჰომა სიტი თანდერი შაი გილჯეს-ალექსანდერის ლიდერობით ჰიუსტონ როკეტსს დაუპირისპირდება (03:00).
ამ შეხვედრას გამორჩეულს ისიც ხდის, რომ ყოფილ გუნდს დაუპირისპირდება კევინ დურანტი, რომელიც ჰიუსტონში სადებიუტო მატჩს გამართავს.
დურანტი კარიერას სიეტლ სუპერსონიკსში იწყებდა, რომელიც შემდეგ ოკლაჰომა სიტი თანდერი გახდა. სწორედ ოკლაჰომას რიგებში დაიმსახურა კევინმა რეგულარული სეზონის MVP-ის ჯილდო, შემდეგ კი კარიერა გოლდენ სტეიტ უორიორსში გააგრძელა.
თანდერისა და როკეტსის მატჩის შემდეგ კიდევ ერთ და შესაძლოა უფრო საინტერესო დაპირისპირებას ვიხილავთ. ლებრონ ჯეიმსი, ლუკა დონჩიჩი და ლოს ანჯელეს ლეიკერსი სტეფ კარისა და გოლდენ სტეიტ უორიორსს შეხვდებიან.
ლებრონი NBA-ში 23-ე სეზონს იწყებს და როგორც ყოველთვის, მის მიმართ ყურადღება გაასმაგებულია. საინტერესოა, როგორ ფორმაში ხვდება 40 წლის ჯეიმსი ახალ სეზონს, ასევე ბევრი ელოდება ლუკა დონჩიჩის გაბრწყინებასაც, რომელმაც ზაფხულში ბრწყინვალე ევრობასკეტი ჩაატარა და ტურნირის საუკეთესო ხუთეულშიც მოხვდა.
თავის მხრივ თავისი სიტყვის თქმას კვლავ შეეცდება სტეფ კარი, რომელიც სეზონს დიდი გამოცდით იწყებს.
ლოს ანჯელეს ლეიკერსისა და გოლდენ სტეიტ უორიორსის მატჩი 06:00 საათზე დაიწყება.