ინგლისის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი კევინ კიგანი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მისი ოჯახის განცხადებით, ლეგენდარული ფეხბურთელი ორშაბათს, კიბოსთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ, გარდაიცვალა.
კიგანს, რომელსაც თავისი თაობის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევდნენ, მეოთხე სტადიის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს და მიმდინარე წლის იანვარში მკურნალობის კურსი ჩაიტარა.
„უზომო მწუხარებით ვაცხადებთ, რომ კევინ კიგანი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა,“ - ნათქვამია ოჯახის განცხადებაში.
„ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და მთავარი მწვრთნელი კიბოს ებრძოდა. სიცოცხლის ბოლო წუთებში მის გვერდით მეუღლე და ქალიშვილები იმყოფებოდნენ.“
კიგანმა, რომელსაც „ძლევამოსილი თაგვის“ (Mighty Mouse) მეტსახელით იცნობდნენ, პროფესიული კარიერა სკანთორპ იუნაიტედში დაიწყო, შემდეგ კი ლივერპულში გადავიდა, სადაც ინგლისის ჩემპიონატი სამჯერ მოიგო.
ენფილდზე გატარებულ დაუვიწყარ 6 წელიწადში მან 1974 წელს ინგლისის ასოციაციის თასი (FA Cup), ხოლო 1977 წელს ევროპის ჩემპიონთა თასი მოიგო. იმავე წელს კარიერა გერმანულ ჰამბურგში გააგრძელა.
ინგლისის ნაკრების მაისურით ჩატარებულ 63 მატჩში კიგანმა 21 გოლი გაიტანა. ჰამბურგთან ერთად 1979 წელს ბუნდესლიგის ჩემპიონი გახდა, ხოლო 1980 წელს გუნდი ევროპის ჩემპიონთა თასის ფინალშიც გაიყვანა.
1978 და 1979 წლებში კევინ კიგანი ევროპის წლის საუკეთესო ფეხბურთელად (Ballon d'Or-ის გამარჯვებულად) დაასახელეს.
შემდგომში კიგანი ინგლისში დაბრუნდა, სადაც საუთჰემპტონისა და ნიუკასლის ღირსებას იცავდა. კარიერა 1984 წელს დაასრულა, მას შემდეგ, რაც ნიუკასლი მისი ლიდერობით უმაღლეს დივიზიონში დააბრუნა.
„ღრმად დამწუხრებულები ვართ ჩვენი კლუბის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, გავლენიანი და საყვარელი ფიგურის, კევინ კიგანის გარდაცვალების გამო“ - ნათქვამია ნიუკასლის ოფიციალურ განცხადებაში.