ლონდონის ჩელსის ახალმა მწვრთნელმა, ხაბი ალონსომ პირველად ისაუბრა იმ მიზეზებზე, რის გამოც ყოფილ კლუბში, ლივერპულში დაბრუნებას სტემფორდ ბრიჯზე მუშაობა ამჯობინა.
ესპანელმა სპეციალისტმა, რომელიც მადრიდის რეალიდან წამოსვლის შემდეგ ლონდონელებს სათავეში ოფიციალურად ჩაუდგა, აღნიშნა, რომ ყველაფერი სწორად შერჩეულმა დრომ გადაწყვიტა.
„ეს უბრალოდ დროის საკითხი იყო. დღეს ჩელსის მწვრთნელი ვარ და მოუთმენლად ველი ამ უდიდეს გამოწვევას. ჩელსი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კლუბია და მინდა აქ წარმატებას მივაღწიო“, - განაცხადა ალონსომ. აღსანიშნავია, რომ ლივერპულიდან, სადაც არნე სლოტი პოსტიდან ახლახან დაითხოვეს, ალონსოსთან კონტაქტზე ბოლო კვირებში არავინ გასულა.
წინა მწვრთნელებისგან განსხვავებით, ალონსოს კლუბში მენეჯერის სტატუსი ექნება, რაც ტრანსფერებზე მეტ გავლენას ნიშნავს. ის უკვე აქტიურად გეგმავს შემადგენლობის გაძლიერებას და განსაკუთრებულ იმედებს კოულ პალმერზე ამყარებს: „ის განსაკუთრებული კლასის ფეხბურთელია. თუ მის გარშემო სწორ გუნდს ავაშენებთ, წარმატებასთან ძალიან ახლოს ვიქნებით“. ამასთან, ესპანელმა დაადასტურა, რომ გუნდში ენცო ფერნანდესის შენარჩუნებაც სურს.