საფეხბურთო სამყაროში კრუიფების ლეგენდარული გვარი კვლავ აქტუალურია.
2016 წელს გარდაცვლილი იოჰან კრუიფის მემკვიდრეობას, მისი შვილის (ჟორდის) შემდეგ, ახლა უკვე შვილიშვილი, შეი კრუიფ-ბინი აგრძელებს. ახალგაზრდა ტალანტმა კარიერაში მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და ის ამერიკის შეერთებული შტატების 18-წლამდელთა ნაკრებში გამოიძახეს.
ამჟამად შეი ესპანური ტარაგონას "ნასტიკის" ასაკობრივ გუნდში, ნახევარმცველის პოზიციაზე ასპარეზობს. საინტერესოა, რომ შანტალ კრუიფისა და ყოფილი ამერიკელი ფეხბურთელის, ტოდ ბინის უმცროს შვილს სამი ქვეყნის მოქალაქეობა აქვს: ესპანეთის (სადაც დაიბადა), ნიდერლანდების (დედის მხრიდან) და აშშ-ის (მამის მხრიდან).
შეი უახლოეს დღეებში ამერიკელთა 18-წლამდელთა ფორმას მოირგებს და პორტუგალიაში, მასპინძელი ქვეყნისა და ნორვეგიის ასაკობრივი ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებს.
თუმცა, მიუხედავად ამ გამოძახებისა, ახალგაზრდა ნახევარმცველს მომავალში ეროვნული ნაკრების შეცვლის უფლება მაინც უნარჩუნდება.