აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა UFC-ის პრეზიდენტ დანა უაითს თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა.
სოციალურ ქსელ Truth Social-ში გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპმა აღნიშნა, რომ შეთავაზება უაითის თანაშემწეებსაც ეხებათ, „მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მათგანი ჩვენი ქვეყნიდან არ არის“.
მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ დიდებულ დანა უაითს, დაუნდობელ მებრძოლსა და მეომარს, ამერიკის შეერთებული შტატების პრესმდივნის თანამდებობა შევთავაზე.
მას ვთხოვე, თანაშემწეებად თან წაიყვანოს ისლამ მახაჩევი, ხაბიბ ნურმაგომედოვი, ჯასტინ გეიჯი, დანიელ კორმიე, ამანდა ნუნიესი და კაილა ჰარისონი, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მათგანი ჩვენი ქვეყნიდან არ არის.
ჩვენ ეს ადამიანები გვჭირდება, რათა რადიკალური მემარცხენეებისგან დაგვიცვან. დანა ისეთი პრესმდივანი იქნება, როგორიც აქამდე არავის უნახავს. დანა, გთხოვ, დათანხმდი ამ სამსახურს!“ – დაწერა ტრამპმა.
პრეზიდენტის შეთავაზების საპასუხოდ, უაითმა Instagram-ის ისტორიაში ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც თეთრ სახლში, პრესმდივნის ტრიბუნასთან დგას. ფოტოს თან ახლდა წარწერა: „ახალი ეტაპისკენ“.
ჯერჯერობით უცნობია, დათანხმდა თუ არა უაითი შეთავაზებას, თუ უბრალოდ პრეზიდენტის მიმართვას ხუმრობით გამოეხმაურა.
ტრამპსა და უაითს მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებთ. ჯერ კიდევ 2016 წელს, ტრამპის პირველი საპრეზიდენტო კამპანიის დროს, უაითმა რესპუბლიკური პარტიის მაშინდელი კანდიდატი შეაქო და მას „მებრძოლი“ უწოდა.
„არავინ გვიღებდა სერიოზულად. არავინ, გარდა დონალდ ტრამპისა. დონალდი პირველი ადამიანი იყო, რომელმაც UFC-ში ის პოტენციალი დაინახა, რასაც ჩვენ ვხედავდით, და ჩვენი ბიზნესის განვითარებაში წაგვახალისა“, - განაცხადა მაშინ უაითმა.
გარდა ამისა, ივნისში, საკუთარი 80 წლის იუბილეს აღსანიშნავად, პრეზიდენტმა ტრამპმა თეთრი სახლის სამხრეთ გაზონზე UFC-ის ღონისძიებას უმასპინძლა, სახელწოდებით UFC Freedom 250.
