Geo Team-ის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი ივნისის ამხანაგურ მატჩებში დატვირთული სეზონის შემდეგ შემადგენლობის ძირითადი ბირთვის დიდ ნაწილს არ გამოიძახებს.
როგორც წყაროსთვის ცნობილია, ივნისის მატჩებში მონაწილეობას არ მიიღებენ: გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კაკაბაძე, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ზურიკო დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მიქაუტაძე.
ფარერების კუნძულებისა (5 ივნისი) და კაბო ვერდეს (8 ივნისი) წინააღმდეგ ნაკრების კარს ლუკა გუგეშაშვილი დაიცავს, რაც სანიოლმა მარტშივე დაადასტურა.
ასევე ის ფეხბურთელები, რომლებიც ივნისში ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატისთვის რამაზ სვანაძის გუნდის განაცხადში იქნებიან, ეროვნული გუნდის სიაში არ მოხვდებიან. საუბარია ირაკლი აზაროვზე, საბა გოგლიჩიძესა და ლუკა ლაცაბიძეზე, ვინც მარტში სანიოლის განკარგულებაში იყვნენ.
საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის შეკრებას 30 მაისიდან ავსტრიაში გაივლის, როგორც ეს წინა წელს ეროვნულმა ნაკრებმა გააკეთა. გუნდი ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას 11 ივნისს პოლონეთის წინააღმდეგ დაიწყებს. მათ გარდა, ჯგუფში საფრანგეთი და პორტუგალია გვყავს.
ვილი სანიოლი ივნისში გამოიძახებს ფეხბურთელებს ეროვნული ლიგიდან და ლეგიონერების იმ ნაწილს, რომლის საქმეში ნახვაც სურს და ეს აქამდე ვერ მოხერხდა.