მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ ლიგის მოქმედი ჩემპიონის სტატუსს ატარებენ, ლივერპულის თამაში მიმდინარე სეზონის უდიდეს ნაწილში იმედგამაცრუებული იყო.
არნე სლოტი სახიფათო მდგომარეობაში აღმოჩნდა და უკვე ვრცელდება ვარაუდები იმის შესახებ, თუ ვინ შეიძლება შეცვალოს ის. ლივერპული ხელმძღვანელობა ამ ეტაპზე კვლავ მხარს უჭერს ნიდერლანდელ სპეციალისტს, თუმცა მდგომარეობის მკვეთრი გაუმჯობესება რაც შეიძლება მალეა საჭირო.
ლივერპულში პრობლემები როგორც მოედანზე, ისე მის გარეთაა. ზოგიერთი სირთულე, რომელსაც გუნდი ამ სეზონში აწყდება, კლუბის კონტროლს მიღმაა. ყველაფერს ემატება რამდენიმე სერიოზული ტრავმა და ზაფხულში დიოგო ჟოტასა და მისი ძმის ტრაგიკული გარდაცვალება, რამაც გუნდზე უდიდესი გავლენა იქონია.
რთულ ვითარებაში მყოფ ლივერპულს ლიდერობის დეფიციტი ეტყობა. ვირჯილ ვან დაიკის აღიარება, რომ მანჩესტერ სიტისთან 4:0 მარცხისას ფეხბურთელებმა ფაქტობრივად ბრძოლას თავი დაანებეს, არსებულ პრობლემებს ნათლად ასახავს.
ჟურნალისტმა პოლ ჯოისმა თქვა:
დამოკიდებულება შეიცვალა და სტანდარტებმა ნამდვილად დაიწია. ეს ცუდად აისახება როგორც ფეხბურთელებზე, ისე იმ ადამიანზე [ვან დაიკზე], რომელმაც ისინი უნდა შთააგონოს. რას არ მისცემდნენ ახლა იმისთვის, რომ ჯორდან ჰენდერსონის ან ჯეიმს მილნერის მსგავსი ვინმე ჰყავდათ გუნდში. დროა, ახალმა ჯგუფმა აიღოს პასუხისმგებლობა ამ რთულ დროს.
ჰენდერსონმა ლივერპული 2023 წელს დატოვა და საუდის არაბეთში გადავიდა, თუმცა ინგლისელი ახლა პრემიერ ლიგას კვლავ დაუბრუნდა - ის ბრენტფორდი ფეხბურთელია და დასავლეთ ლონდონში წელს საკვანძო ფიგურას წარმოადგენს.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი გულშემატკივარი ჰენდერსონის ტექნიკურ მონაცემებს აკრიტიკებდა, მისი ლიდერული თვისებები ეჭვგარეშეა და სწორედ ასეთი ხასიათია ის, რაც წითლებს ახლა ყველაზე მეტად აკლიათ.