რეალ მადრიდის ნახევარმცველი ედუარდო კამავინგა შესაძლოა ამ ზაფხულს რეალმა გაყიდოს. მას უკვე აქტიურად უკავშირებენ პრემიერ ლიგის კლუბებს.
კამავინგას დასასრული რეალში?
თუმცა, Sky იტყობინება, რომ ფეხბურთელი ჯერ არ არის მზად სანტიაგო ბერნაბეუ დასატოვებლად, რამაც შესაძლოა კლუბის საზაფხულო გეგმები ჩაშალოს.
კამავინგა რეალს 2021 წლის ზაფხულში შეუერთდა. ის საფრანგეთის ერთ-ერთ უდიდეს ტალანტად ითვლებოდა და ეს სტატუსი მადრიდული კლუბის მაისურითაც დაამტკიცა. მიუხედავად ამისა, რეალი ნახევარდაცვის ხაზის განახლებას გეგმავს და გავრცელებული ინფორმაციით, კამავინგა იმ მოთამაშეთა სიაშია, რომელთა გაყიდვაც განიხილება.
23 წლის ფეხბურთელს კონტრაქტი კიდევ სამი წლით აკავშირებს, თუმცა ჩემპიონთა ლიგის 15-გზის გამარჯვებული მზადაა წინადადებებს მოუსმინოს. Transfermarkt-ზე კამავინგა 50 მილიონ ევროდაა შეფასებული, მაგრამ რეალი მის სანაცვლოდ მინიმუმ 80 მილიონს ითხოვს=
კამავინგას წარმომადგენლები რამდენიმე ინგლისურ კლუბს დაუკავშირდნენ, მათ შორის ლივერპული და არსენალი დაინტერესებულ მხარეებად სახელდებიან. ნახევარმცველის გარშემო საუდის არაბეთის კლუბებიც ტრიალებენ, თუმცა თავად ფეხბურთელი, წასვლის შემთხვევაში, კარიერის ევროპაში გაგრძელებას ამჯობინებს.
კამავინგას უნივერსალურობა - უნარი, ითამაშოს როგორც საყრდენად, ისე box-to-box პოზიციაზე ან თუნდაც მარცხენა მცველად, კლუბებისთვის ძალიან მიმზიდველია. მიუხედავად ამისა, ფრანგმა მკაფიოდ განაცხადა, რომ რეალის დატოვება არ სურს.
კამავინგას გაყიდვა მადრიდელებს საზაფხულო ტრანსფერების დაფინანსებაში დაეხმარება. კლუბის რადარზე უკვე არიან ჩელსის ნახევარმცველი ენცო ფერნანდესი და მანჩესტერ სიტის ვარსკვლავი როდრი. ასევე განიხილება აკადემიის ტალანტის, ტიაგო პიტარჩის პირველ გუნდში დაწინაურება.
ჯერჯერობით უცნობია, მოახერხებს თუ არა რეალი კამავინგას დარწმუნებას იმაში, რომ წასვლა მის ინტერესებშია. რაც შეეხება ფასს, 80 მილიონი ევრო პრემიერ ლიგის გრანდებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.