ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ, წონების მიხედვით, მსოფლიო რეიტინგები განაახლა.
ქართველ ძიუდოისტთაგან, ეთერ ლიპარტელიანი ერთადერთია, ვინც თავისი წონის რეიტინგის პირველი ნომერია - ეს წოდება სწორედ განახლების შემდეგ მოიპოვა.
-57 კგ. წონით კატეგორიაში, ლიპარტელიანმა, ევროპის ჩემპიონობის ფონზე, 5021 ქულა მოაგროვა და იაპონელ მომო ტამაოკის (5000 ქულა) ლიდერობა ჩამოართვა. მათთან ახლოსაა ფრანგი სარა ლეონი სისიქი, რომელსაც 4915 ქულა აქვს.
ყველაზე დიდი პროგრესი ჰქონდა კიდევ ერთ მოქმედ ევროპის ჩემპიონს, ლაშა შავდათუაშვილს (-73 კგ.), რომელიც 8 პოზიციით დაწინაურდა და მსოფლიოს მე-11 ძიუდოისტია (2230 ქულა).
5 პოზიცია მოიგო გურამ თუშიშვილმა (+100 კგ.), რომელიც მსოფლიო რეიტინგის მე-2 ადგილზეა და ინალ ტასოევს (3900 ქულა) მხოლოდ 5 ქულითღა ჩამორჩება. ათეულში ადგილი დაკარგა ირაკლი დემეტრაშვილმა (3242 ქულა) და მე-11-ეა.
-81 კგ. წონითი კატეგორიის მე-2 ნომრად დაწინაურდა ევროპის ვიცე-ჩემპიონი, ტატო გრიგალაშვილი (4010 ქულა) - ლიდერი ტიმურ არბუზოვია (5255 ქულა). ზაურ დვალაშვილი - 2 პოზიციით, მე-14 ნომრობამდე დაქვეითდა.
6-ადგილიანი რეგრესი აქვს თბილისის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორ ილია სულამანიძეს (-100 კგ.), რომელიც მე-8 პოზიციიდან მე-14 ადგილამდე დაეშვა.
90 კგ. წონით კატეგორიაში, ერთმანეთს ადგილები გაუცვალეს ლაშა ბექაურმა (3558 ქულა) და ლუკა მაისურაძემ (4104 ქულა) - ევროპის 2026 წლის ჩემპიონი მაისურაძე მე-3 პოზიციაზეა, მასზე წინ გოკი ტაჯიმა (4600 ქულა) და სანშირო მურაო (4770 ქულა) არიან.
ევროპის ჩემპიონატის მოქმედმა ვიცე-ჩემპიონმა, გიორგი სარდალაშვილმა (-60 კგ.) ათეულში ადგილი შეინარჩუნა და სწორედ მე-10 ნომერია. ფინალში მისი დამმარცხებელი, საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ლუკა მხეიძე მე-9 პოზიციამდე დაწინაურდა.